“რადგან... მაგრამ... თუ...”


“რადგან...  მაგრამ...  თუ...”  
         ოცნებად ქცეული უკანასკნელი დაისის ხილვა, ფიქრი, რომ ერთხელაც მკვდართა მზის ნაწილი გახდები, ჩაიწურება მნათობი მყინვართა მიღმა და როგორც ყვავილი, შეკრავს შეგროვილ სხივებს გუდაში,  ლტოლვა დარაბებს მიღმა გაზაფხულის დანახვის...
   ტაძარში გვერდი-გვერდით ელვარე ორი სანთელი, რომელთაგანაც ერთს რწმენადაკარგულნი ანთებენ ათრთოლოებული თითებით ნისლის განსადევნად, ხოლო მეორეს პრაგმატულთა ბრბო, რომელთაც კეთილდღეობა და წინსვლა სურს... 
     დიახ, ჩვენც ვიბრძვით დიდებისთვის ,მაგრამ ეს უმნიშვნელოა , ეს მხოლოდ პროცესია, რომელშიც ჭეშმარიტების მარცვლებს დავეძებთ. არსებობას, რომელიც მატლივით გვჭამს და ცხოვრებას, რომელსაც იოტისოდენადაც არ განიცდით.
    ჩვენ გაგების წყურვილი არ გვაქვს,  რადგან მრავალგზის შევიმეცნეთ, რომ ფუჭად ჩაივილის, ჩვენ მხოლოდ გრძნობა გვსურს, სიცოცხლის შეგრძნება...
                  მომაცილეთ ეს სხეული ფარჩა,
                 შემოჭილმა სულმა ფრენა იგრძნოს...
   მე მოგიყვებით ჩემნაირების შესახებ  და ლანდს მატერიად ვაქცევ, რადგან დაგიხატოთ ამ სამყაროსგან დევნილი სულების პორტრეტი...
   მომღიმარი ბიჭი ავტობუსში...
   ყვითელი ავტობუსი N73 , მარშუტი: გლდანის ხევი_ ახმეტელის თეატრი, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის გაჩერება, ავტობუსის კარი ზლაზვნით იღება და ისედაც ხალხით გატენილ ავტობუსში ამოდის ახალგაზრდა შავგვრემანი ბიჭი, ყველას ყურადღებას  იქცევს მისი მომღიმარი სახე , ხალხი აკვრიდება, ზოგი თვალს არიდებს და მასთან ახლოს დგომას თაკილობს, მაგრამ ყმაწვილი არ იმჩნევს საზოგადოების ზიზღნარევ გამოხედვას და კვლავ იღიმის. ბლანჟე და ასევე მუქი ფერის  კულულა თმა, რომელიც ბედნიერებით აღსავსე თვალებსა და წითელ ბაგეებს ვერ ჩრდილავს, შავი გოროზი წარბები სულის სარკმელებთან აყვავებულან და მოღრუბლულ დღეებისგან დამძიმებულ წამწამებს ცისარტყელასავით გადაჰფარვიან.  ადგილ-ადგილ იმედებივით დაკარგული კბილები მეტად საინტერესოს ხდის მის პორტრეტს. ტანთ დაძონძილი ხაკისფერი მაისური და დაფლეთილი ბეცი შარვალი მოსავს, გიშრის თვალებში ანთებული ჩირაღდნები კი მაინც ვერ ფარავენ მის სულში გოლგოთას. 
    დიახ, ის ილუზიაა, რომელიც წამიერად ილექება კაცობრიობის ქვეცნობიერში და სიბრალულს ან ზიზღს აღძრავს. სამწუხაროდ, ხალხი მის თვალებში მხოლოდ აისს ხედავს და გიჟის ხალათმორგებულს დაუფიქრებლად დევნიან ქარაფებთან.
          
   ჟამთა სვლით დაცლილი და სევდით სავსე მოხუცი...
   იდგა მოხუცი მეტროში და  აკვირდებოდა დროთა სვლით შეპყრობილ საზოგადოებას , რომლებიც იარუსებისკენ მიემართებოდა, ზოგი აჩქარებით, ზოგიც ჩაფიქრებული დინჯი ნაბიჯით იკვლევდნენ  გზას. 
   იდგა მოხუცი მამაკაცი აწეწილი შევერცხლილი თმებით, ადგილ-ადგილ  პარაფინით დაწინწკლული სათვალით, რომლის მინებს აღებეჭდათ მეხსიერებაში გარდასულ დღეთა გადმონაშთი. პირისახე ნაოჭიანი , შუბლი შეჭმუხნული, ცხვირი დასიებული გეგონებოდათ ,ისე აზვირთულიყო, სიამაყით?  არა, უკანასკნელი სხივის გამოჩენის იმედით.  ნიკაპი მცირედი წვერით შემოსილი, მაგრამ დამძიმებული, ისე რომ  თავი კისერს გამხმარი თავთავივით ამძიმებდა. გაცვეთილი ქარვისფერი პლაში, გახუნებული, შეშინებულ თაგვისფრად შეფერიანებული პერანგი, ნაცრისფერი შარვალი მიწაზე ნახახუნები ძირებით,  ყავისფერ ფეხსაცმელებს თასმის ადგილები ამოგლეჯილი და დაძონძილი ჰქონდა, მას პატრონივით შესტყობოდა სეზონთა ცვლა...
    იდგა გაუნძრევლად და აკვირდებოდა ახალი თაობის არაფრისმთქმელ სახეებს, გაყინულ ბაგეებს, რომელთაც სიყვარული პატივისცემა, ერთგულება და პატიოსნება ჭირად გამოეცხადებინათ, სახეზე ნიღბებმორგებულნი და მაკიაჟით შელამაზებულნი გაურბოდნენ გრძნობებს, რომლებიც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს...
  მოხუცმა საბოლოოდ მოსწყვიტა თვალი დროის ქარაგმებს და  მატარებლის ვაგონებს შორის ნისლში გაუჩინარდა, მიჰყვა უკანასკნელ გზას ჭეშმარიტებისაკენ...
   
    ალისა საოცრებათა ქვეყნიდან...
  შემდეგი სიუჟეტიც მეტროში მიმდინარეობს, რატომ? იქნებ იმიტომ რომ ის საუკეთესო ადგილია სოციუმის შესაცნობად, შესაძლოა მაგრამ ამასთანავე მეტრო დროის ქმნილებაა, რომელიც გარკვეულწილად თავად მიუძღვის მას...
    ცეცხლის ალში გახვეული დალალები, ბრწეულისფერი ბაგეები და თვალები,  თვალები, თითქოს ცისკარი გაიხსნა და ღმერთმა დედამიწას სიბილწისა და ორგულობის ჩადრი მოხსნა, უცებ ვაგონთა ქროლვით წარმოქმნილმა ნიავმა მისი სარკმელები დალეწა, აატალახა და ვიგრძენი რომ ისიც ჩვენს რიგებში იმყოფებოდა, რიგებში სადაც არც თავკაცი მოჩანს და არც სიის უკანასკნელ მსხვერპლი, რადგან ჩვენ წინამძღოლი, რომ გვყავდეს მივაკვლევდით ჭეშმარიტებას, ღმერთისაკენ მიმავალ გზას გავთელავდით, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ მხოლოდ კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდათ შეგვქმნეს, ან იქნებ არ ვარსებობთ, ეს საკითხი მხოლოდ ალბათობას ეყრდნობა, რადგან ისტორია არც ფაქტებს გვაწვდის და ნათელმხილველებიც გაგვირბიან... ეშნიათ, იქნებ ჩვენ ვართ ის მომავალი რომელიც ასე თრგუნავს საზოგადოებას, ჩვენ ვართ დროის ტალღები, რომელთა ნაპირს მოქცევაც უფრო მეტად ძლიერდება...
ხომ ვამბობდი რომ ყველაფერი ალბათობაა...
რადგან ასე უნდა მომხდარიყო...
მაგრამ ასე მოხდა...
თუ ასე მოხდებოდა...

2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი