ცალყურა ერიკა
ცალყურა ერიკა მწუხრი ცლიდა მწუხარების ფიალას მოთმინების ლამპაში. ყინვა კედლის ხვრელებში თარეშობდა და ფიქრებამდე აღწევდა. ნინო გოდერძი პაპას სასთუმალთა იჯდა და კვლავ პულსს უზომავდა. ისე შეჰყურებდა, როგორც ნაზამთრალ ბროწეულს ყინვამ მარცვლებიც რომ გაუხეთქა, დანანება, სიბრალული აბამდა მის თვალებში სიმებს და ღრუბლებს ფენდა ცრემლებად. ეზოდან გამაყრუებელი ყეფა გაისმა, ყინვამ კედლები დაივიწყა და ძაღლის ღრმა ნაღველს დაუთმო გზა. გოდერძიმ თვალები ფართოდ გაახილა, ნინოც შეკრთა და კვლავ პულსის დათვლისთვის საათს მიაშტერდა. - ის აქ არის... სიკვდილის ანგელოზმა მოიყვანა, რომ დავნებდე, ტარტაროზის ხეობაში უხმოდ გავყვე... ნინო მიჩეული იყო მოხუცის მოულოდნელ მონოლოგებს და ახლაც ინტერესიანი მზერით ხმაამოუღებლად მიაგება სიყვარულით აღსავსე თვალები, წრფელი ცრემლებით მირონცხებული. მოხუცმა დაიწყო: - მაშინაც ასეთი შემზარავი ყინვა იყო, თითქოს სინდისი გამოეშვა ღმერთს ხალხის დასაზაფრად და გონზე მოსაყვანად. მე და მამა შეშის მოსატანად ტყეში დავეხეტებოდით, სოფელში მძიმე ზამთარი იდგა და სულ უფრო მეტად ჭირდა გასათბობად შეშის მომარაგება. გულდაწყვეტილები უკვე შინ დაბრუნებას ვაპირებდით, რომ გულისგამგმირავი კივილი შემოგვესმა, მამას ჯერ შეეშინდა ნადირი არ იყოსო, ტურებს სცოდნიათ ასე, ჩვილი ბავშვის კივილს გავს მათი ყმუილი, მაგრამ შემდეგ თოვლში წაქცეული მორი შევნიშნეთ. ვიფიქრეთ ღვთის წყალობა იყო, ნიშანი, რომ ზამთრის ამ ღამესაც თბილად გადავაგორებდით. რაც უფრო ვუახლოვდებოდით წაქცეულ ხეს ხმა მეტად ძლიერდებოდა. მაშინ დავინახე ის პირველად, ჩემი ცალყურა ერიკა, როგორც ჩანს გასათბობად ხის ქვეშ ორმო გამოეთხარა და იქ ჩაწოლილიყო, მაგრამ ახალდადებულ თოვლს ჩაემარხა, გაეყინა და ამოსვლის ძალა წაერთმია. მე და მამამ მაშინვე ხელიცეცებით ამოვიყვანეთ თოვლივით ფითქინა ძაღლი და მამას შარფში გავახვიეთ. როგორც კი სითბომ სხეულში დაუარა თვალები დააჭყიტა და ლოკვა დამიწყო, ნდობა გამომიცხადა. სახლში ჩვენი სამყოფიც არ გვქონდა, მაგრამ მისმა ღრმა და ტკივილით აღსავსე თვალებმა ყველა წინაღობა დაგვავიწყა და შინ მივიყვანეთ. ასე იქცა ცალყურა ერიკა ჩვენი ოჯახის განუყოფელ წევარად. მისი სახელი კი ერიკას ხეობიდან მომდინარეობდა, სადაც იგი ვიპოვეთ, ხოლო წაჭრილი ყურის ისტორია ჩვენთვისაც უცნობი იყო. ეს სახელი მის წარსულსაც და მომავალსაც ერთდროულად აღნიშნავდა, ამიტომ ყველას განსაკუთრებულად მოგვეწონა. ცალყურა ერიკა ლეკვი არ იყო, მამამ თქვა ასე სამი წლის იქნებაო, როგორც ჩანს ჰქონდა თავისი თავგადასავალიც, ტკივილიც და ბედისწერაც, რომელმაც ამჯერად ჩვენთან მოიყვანა. მას შემდეგ მე მამა და ცალყურა ერიკა ერთად დავეხეტებოდით შეშის საძებნელად, მისი პოვნა თოვლში სულ მიჭირდა, ის თეთრი ღრუბლების ქულას ჰგავდა შთამბეჭდავს და ამავდროულად მისი თვალები სიმძიმით იყო აღსავსე. 1939 წელს ჯარში გამიწვიეს, მასთან დამშიდობება ისევე მიჭირდა, როგორც ოჯახის წევრებთან. მაგრამ იმედიანად ვიყავი, რადგან ვიცოდი ის ჩემებს ყველა განსაცდელისგან დაიცავდა. ცალყურა ერიკა მებრძოლი იყო და მინდოდა ომის ქარცეცლში მასსავით მამაცი ვყოფილიყავი, ჩემ მჩაგვრელ ბედთან მებრძოლი. ძაღლებს ადამიანებზე არანაკლები ტკივილის ატანა უწევთ, ეს სწორედ ომში გავიაზრე, ქვემეხების წვიმასთან ერთად ერიკას ის განწირული და მაინც სიცოცხლის სურვილით აღსავსე ყმუილი მესმოდა. როდესაც ომი დამთავრდა და დავბრუნდი, სოფელი გავერანებული დამხვდა, მაისი იდგა. მოხუცები სახლის კედლებს ეყრდნობოდნენ და სიხარულით მიმზერდნენ, მაგრამ ომმა თავისი ქნა, ახლა სახლები უფრო ეყრდნობოდნენ მოხუცებს ვიდრე პირიქით. ჩემს ჭიშკართან ძაღლის ყეფის ხმამ გული გამითბო, ვერც ვიფიქრებდი, რომ ის ისევ ცოცხალი იყო, მაგრამ რაღაც ღრმა იმედი მაინც მინათებდა სულს. შესვლისთანავე შევამჩნიე ცალყურა ერიკა, რომელიც კბილებით ჩაბღაუჭებოდა წყლით სავსე სათლს და სახლისკენ მიათრევდა. უკვე ცხრა წლის იქნებოდა, გაჭირვებას და სიბერეს მისი ძვლები დაესუსტებინათ მაგრამ ის თეთრი ბეწვი კვლავ პირველი თოვლივით უბრწყინავდა. იმ საღამოს უამრავი ისტორია მოვისმინე ჩემი საოცარი ძაღლის გმირობისა, ის მთელ სოფელს ეხმარებოდა, ტყეში დარბოდა და ხის დამტვრეულ ტოტებს სათითაოდ ეზიდებოდა ყველას ეზოში, რომ ოჯახებში ბუხრები აგიზგიზებულიყო, მან ბევრი ადამიანი გამოგლიჯა ყინვის ალესილ კლანჭებს. ვისმენდი და ვამაყობდი, ვხვდებოდი რომ ადამიანები და ძაღლები იმაზე მეტად ვგავართ ერთმანეთს ვიდრე გვგონია, ისინი ჩვენზე უკეთესებიც კი არიან. მეორე დილით მოახლოებული ზაფხულის ტკბილმა სითბომ გამაღვიძა. ვიფიქრე ერიკას ხეობაში გავისეირნებდი ჩემ ძაღლთან ერთად, მაგრამ ის ვერსად ვიპოვე... ნინომ აკანკალებულ გოდერძი პაპას მაჯაზე წაავლო ხელი, მაგრამ ამჯერად მისი ხელისგული მოიქცია თბილ თითებში და წრფელი ნაღვლიანი ღიმილით ყურადღებით გისმენო აგრძნობინა. მაგრამ ნინო ფარულად მაინც პულსის სინჯვას განაგრძნობდა, აღარ უნდოდა ეგრძნობინებინა მოხუცისთვის სიკვდილს, რომ მისთვის წაღები ჩაეცმია და გზაზე დაეყენებინა. ეზოში ისევ ძაღლის ყმუილი გაისმა. - ის აქ არის... იმეორებდა გოდერძი პაპა და იხსენებდა რომ სხვა ძაღლებს ვერ გუობდა, ყველაზე ზრუნავდა და ისინიც მას ერთგულად მიჰყვებოდნენ ცხოვრების გზაზე, მაგრამ ცალყურა ერიკა მისთვის მაინც სიმამაცის და სიცოცხლის სიმბოლოდ რჩებოდა. და ახალაც სიკვდილმა მასთან ერთად მოაკითხა, რომ გაუმარტივდეს იმქვეყნად წასვლა, რომ სულის მარადიულობის იმედი კვლავ ჰქონდეს. ეზოში ძაღლმა ბოლოჯერ დაიყმუილა, მზის სხივები სალბუნობდა ყინვის თარეშით გაჩენილ ჭრილობებს. ნინო მოხუცს პულსს აღარ უსინჯავდა. გოდერძი პაპა ცალყურა ერიკასთან ერთად გუნდაობდა ღრუბლებში. სალომე ბზარაშვილი 18/11/2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი