„წერილი ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან“
ძვირფასო გაიანე! მინდა მოგიყვე ისტორია იმ ადამიანი შესახებ, რომელმაც შენი ცხოვრება დასაბამიდან შეცვალა, რომელმაც მღვრიე ბედის მარწუხებს გამოგგლიჯა და მარადიული მზიანი დღის სამყაროში შეგაფარებინა თავი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე სახლი შემეძინა, რომ სამუდამო სამყოფელი მქონოდა, ამიტომ ქუჩებში სეირნობა და სახლებისთვის თვალის შევლება დავიწყე. ძმები კაკაბაძებიის ქუჩაზე ვინტაჟური სტილის სახლი შევნიშნე, შემოდგომის მშვენიერი ქაოსით მორთული ეზოთი, ჭიშკარზე წვიმისგან დამპალი განცხადებაც იყო გაყიდვის თაობაზე. სიხარულით ამენთო გული და სწრაფად გადავჭერი ეზო, დავაკაკუნე. მესმოდა ვიღაც ტაატით როგორ მოიწევდა კარისკენ, ასე გავიცანი დეიდა ელისო, რომელმაც სახლი მომყიდა და მთხოვა დროებით ეზოში მდგარი ფარდულისთვის შეეფარებინა თავი, სანამ გადასვლას შეძლებდა. მეც დავთანმხდი, რადგან გაცნობისთანავე დამაინტერესა ამ ადამიანის მარტოსულობის ისტორიამ. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს სახლის გაყიდვის მიზანი ის იყო, რომ მისი ელფერი არ გადასდებოდა და მარტოობის მღვრიე დინებებს ისიც არ წაელეკა . ამ წერილით მინდა გავამართლო საბრალო დედაშენი გაიანე. მან არც კი იცოდა გადმოგცეს თუ არა პლედში ჩატოვებული წერილი, იქნებ ჯობდა არასდროს არაფერი გაგეგო, მაგრამ გული მომიკლა უსუსრობით შეპყრობილმა დედაშენის ცხოვრებამ და ვფიქრობ მისი არსებობა ასე უკვალოდ არ უნდა გაქრეს. ჭრის აღმაფრენის მოგონებები ნასახლარს, როგორ ნასულარ სხეულს. ახალ სახლში სტუმარივით მოკრძალებით გატრუნული ვიჯექი და ვფიქრობდი, ნუთუ შემეძლო ამ კედლებისთვის ახალი სული შთამებერა, ვინ იცის... სარკმელს წვიმა ტყვიასავით ასკდებოდა და გულს მიხეთქდა, უცებ თვალწინ წარმომიდგა როგორი სუსუხი იქნებოდა ფარდულში, სადაც ელისო დეიდა ათევდა ღამეს. მაშინვე მისკენ გავეშურე... ფარდულის ღრიჭოებიდან ლამფის მიმქრალი სინათლე ატანდა, მოურიდებლად შევაღე კარი და დავინახე საბრალო დედაშენი, რომელსაც სუსხზე მეტად რაღაც ძალიან დიდი დარდი უყინავდა სასთუმალს. შემომხედა, შეამჩნია ჩემი დაუფარავი ცნობისმოყვარეობა და მითხრა,_ სინანული... ახლა კი ვხვდები სინანული უყინავდა სასთუმალს და კედლები, რომელიც სულს გარშემო ამოუშენა. სარკმელიც არ დაატანა, რომ ნესტი გაექარვებინა, თითქოს სწორედ ამ ნესტისკენ მიისწრაფვოდა, რადგან მის ყოფით გამომპალ ფიქრებს ჭრილობა აღარ შეუხორცდებოდათ. მოგონებებისგან ისეთი შებოჭილი იყო ფარდულშივე დავრჩით და დაიწყო თხრობა ისტორიისა, რომელიც მის სულს კუპრივით ედებოდა. ის 1973 წელს დაბადებული ელისო ანდრონიკაშვილი იყო , სოხუმში მცხოვრები თბილისელი ვაჭრის მამია ანდრონიკაშვილისა და მასწავლებლის ნინო კაპანაძის შვილი, რომელმაც ბავშვობის წრფელი და სიჭაბუკის საოცარი დღეები სოხუმში გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე ცოლად გაჰყვა შეთე არახამიას თანაკლასელსა და მონათესავე სულს, რომელიც ობლობაში გაიზარდა, მაგრამ სიდუხჭრის მიუხედავად ადამიანობა არ დაუკარგავს. იმ დროს მათთვის ცხოვრება აღმაფრენის მომგვრელი ოდესური ზღვასავით ამაღელვებელი და საოცარი იყო. მაგრამ მალევე დადგა საზარელი 1992 წელი, რომელმაც აფხაზური ედემი სისხლიან ბრძოლის ველად აქცია. შეთე სეპარატისტებმა „ ღალატის“ გამო დახვრიტეს, როდესაც ქართველი მეზობლების დაცვას ცდილობდა. ელისო მიხვდა, რომ მალე მისი მშობლების ჯერიც დადგებოდა ამიტომ თბილისში გამოქცევა გადაწყვიტა, მაგრამ თვეების ბავშვთან ერთად ყინვაში საზღვრის გადალახვა შენს მკვლელობას ნიშნავდა... არჩევანი უნდა გაეკეთებინა მშობლებსა და შვილს შორის. ელისომ გადაწყვიტა მეზობლად მცხოვრები აფხაზი ოჯახისთვის ჩაებარებინა შენი თავი, სადაც დიდხანს მუშაობდა ბავშვის ძიძად და ენდობოდა მათ... იმედი ჰქონდა, რომ ქაოსი მალე დასრულდებოდა და შენს წასაყვანად დაბრუნდებოდა, მაგრამ... აკვანში წერილი დაგიტოვა, სადაც გწერდა, რომ მალე შენთვის დაბრუნდებოდა, რომ შენზე ამაღელვებლი და განსაკუთრებული არაფერი გააჩნდა, რომ ბედნიერი იყო შენი დედობით. წერილი დაგიტოვა, რადგან სიკვდილის მოახლოების განცდა არ ასვენებდა. მამაზეც გწერდა, მისი სულის ნაკვთებზე და სამართლიანობის სურვილზე, მის უმანკო ოდესურ თვალებზე და სიყვარულზე, რომელიც შენ გამო გალაქტიკას შეარყევინებდა... ხედავდა ოჯახებს, რომლებიც უღელტეხილიდან უკან ბრუნდებოდნენ ხელში გაყინული მაგრამ ჯერ კიდევ სულჩადგმული სხეულებით, რადგან ფიქრშიც კი არ შეეძლოთ საყვარელი ადამიანების დაკარგვა... დათმობა... ელისო მაინც წამოვიდა... მოყოლისას მზრუნველობით აღსავსე თვალებით დაჰყურებდა სიცარიელით დაჩეხილ ხელებს, ის შენ გხედავდა ჯერ კიდევ უმანკოს და უცოდველს, მის მაჯებს ჯერ კიდევ შერჩენოდათ შენი სულის სიმსუბუქე. უღელტეხილზე მეორე დილით ნემსებივით მსუსხავმა ქარბორბალამ გააღვიძა, არც კი ახსოვდა როდის გაითიშა, როდის შეწყვიტა მის ტერფებში სისხლმა დენა. არ ახსოვდა როდის ჩაიკეცა დაქანცულობისა და ყინვისგან მისი საბრალო დედა, ნინო და ოდესღაც თვალებანთებული მამა მამია მეუღლის ცხედართან როგორ გაიყინა. ელისო იხსენებდა ბავშვობაში თოვლის წმინდა ფანტელებს ბავშვური სილაღით რომ დასდევდა და გულში იკრავდა, თითქოს სასწაული არსებობის განცდას მწიფე თოვლის ზვირთებით იჯერებდა, მაგრამ ახლა თოვლის დანახვა მასში ჯოჯოხეთურ ტკივილს იწვევდა. მშობლების ცხედრებთან უსულოდ დაცემული ქართველმა ჯარისკაცებმა საკაცით გადმოიყვანეს. გონს თბილისის კლინიკაში მოვიდა... აღარ იცოდა ვინ ეგლოვა უღელტეხილს შეყინული საბრალო მშობლები, სამართლიანობას შეწირული შეთე თუ დაობლებული შენ, გაიანე... სავადმყოფოს თეთრი კედლები თოვლის ზვირთებად ეშლებოდა სულში და აგიჟებდა, დაუყონებლივ ითხოვდა უკან სოხუმში დაბრუნებას, მაგრამ პასუხი და შესაძლებლობა არსად იყო... გამოწერისთანავე კომისარიატს მიაკითხა უნდოდა მედდად წასულიყო ომში, რომ ასე მაინც მოეხერხებინა შენთან ჩამოღწევა, მაგრამ ყველა ხვდებოდა მის განზრახვას და სასიკვდილოდ ენანებოდათ... მალე გონს მოეგო და მშობლების თბილისურ ნავსაყუდელს მიაკითხა, სადაც მისი მამიდა ანა მარტოდმარტო ცხოვრობდა. ბავშვობისას ხშირად ჩამოდიოდა გიორგობას აქ და მშობლიური თბილისის სიყვარული უღვივდებოდა. ასე იქცა ამ ვინტაჟური სახლის დიასახლისად, მამიდა სიბერით იყო ავად, როდესაც ღვიძლი ძმის დაღუპვის ამბავი შეიტყო სასთუმალს მიეჯაჭვა. ელისო ისევ არჩევანის წინაშე იდგა, მაგრამ სხვა გზა არც იყო ... მთავრობა იუწყებოდა, რომ მალე სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყებოდა და საზღვარი გაიხსნებოდა, მაგრამ ელისოს მოლოდინი ნელნელა ხუნდებოდა და რწმენა ეცლებოდა. ასე შემორჩა ელისო კაკაბაძეების ქუჩას, გაიანე შენ კი სოხუმის ამღვრეულ ცას, რომელზეც არესი გაბატონებულიყო. სამ წელიწადში მამიდა ანაც გარდაიცვალა და დარჩა ელისო თავისი მარტოობის საკანში ტკივილის ნესტისგან გამომპალი ფილტვებით. ომი დამთავრდა.. ელისო საზღვრამდეც კი ჩავიდა, მაგრამ საშველი არსად ჩანდა. მცდელობები უშედეგოდ სრულდებოდა და ბოლოს მას ეწვია აზრი, რომ იქნებ ასეც სჯობდა... იქნებ სჯობდა შენი ცხოვრება იმ მზრუნველ, შეძლებულ და ურყევ ოჯახში გაგრძელებულიყო, ვიდრე დაავადებული დედის ამარა დარჩენილიყავი... არ უნდოდა ობლობის ხავსს შენთვისაც ჩაევლო კლანჭები, ამიტომ ამჯობინა უმოქმედობის ბურუსში გახვეულიყო და არარაობის, უსუსურობის განცდით გაეტანა არსებობის ყოველი წამი... ძვირფასო გაიანე, ვუყურებდი ორმოცდაათ წლამდე ქალს, რომელსაც სიკვდილის პერანგი ჩაეცვა და თითქოს მისი ხნისაც გამხარიყო, ვხვდებოდი, რომ ეს წყეული ყოვლისმომცველი მოგონებები წარსულიდან მომავალს გესლავენ და შთანთქავენ. მჯერა, რომ შენც გაამართლებ საბრალო დედაშენს, რომელიც სადაცაა ღრმა ძილს მიეცემა, ეს ფარდულიც თითქოს მის წუთისოფლის გზას ირეკლავს და ემსაგვსება. გაიანე დედაშენი ჯერ კიდევ ცოცხალია და იმედი მაქვს, რომ ამ წერილს წაიკითხავ, ჩამოხვალ და შენ ოდესურ თვალებში განავარდების შესაძლებლობას არ დაუკარგავ... ჩვენ დავიშლებით იმ სიტყვებად, რომლებიც ვერ ვთქვით, ამიტომ გთხოვ ჩაიბარე ეს წერილი, როგორც დედაშენის აღსარება და თუ შეგიძლია ჩამოდი... ნესტან არახამია ძმები კაკაბაძეების ქუჩა N 14 თბილისი/ საქართველო 1/11/2020 სალომე ბზარაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი