დედის ნახატი


სახურავიდან წყალი წვეთავს, რაის ვაგლახით ნაპოვნ ჭერს ნესტი ალპობს, ის კიდევ მე. ზოგის ცხოვრება ასეთია, შენი ჭერი სხვისი იატაკია. შენთვის ყველაფერი სხვისთვის არაფერი. 
     ალინას არ ადარდებს, რომ ფილტვები რამისაა ხველას ამოაყოლოს. ნესტი მას გულს უღღრნის, რადგან კედელს ატირებს და დედის ნახატს ანადგურებს. სანთელივით იღვენთება ბეტონის კედელზე ალინას ოცნება. 
    როცა დედამ პირველად  გაუმხილა სანგარს მიღმა ცამდე აზიდული შენობები, ამწვანებული ბაღები და თავისუფლებააო, ალინამ ეს ვერც კი წარმოიდგინა, რადგან ამ სიტყვების ფიქრში ხორცშესხმაც კი არ შეეძლო, ამიტომ დედამ კედლებზე ქვებით დაუხატა თეთრი სამყარო. სამყარო რომელიც ალინას არსებობას არ იმჩნევდა და მიწის სიღრმეში სანგარში მალავდა, როგორც სულს, რომელსაც სამყაროს სიავე ჯერ არ უგრძვნია, იქნებ იმიტომ, რომ არ იცოდა რა იყო უარესი ან უკეთესი. სანგარში ჯდომა თუ ნაღმზე აფეთქება. 
    ალინას ერთხელ ჭერიდან მომავალმა ხმამ ამცნო სკოლები დაიბომბა სირიაშიო, დიდხანს იფიქრა რა შეიძლებოდა ყოფილიყო სკოლა, მაგრამ ამაოდ. 
     დედას სანგრის ჩარაზვაც არ აცალა მოსვლისას კალთაზე ჩამოეკიდა და ეკითხებოდა,- დედა სკოლა რა არისო. დედა შეცბა, შეეცადა არ შეემჩნია, მაგრამ თითქოს კედლებმა სახეზე ცარცით ნიშანი დაასვესო გაფითრდა და აუხსნა გოგონას, რომ სკოლა ადგილია, სადაც მისი თანატოლი ბიჭები სწალობენ მაღალი შენობების, ამწვანებული ბაღების და თავისუფლების შესახებ. შემდეგ თავისთვის ჩაიბურტყუნა, რომ კი სწავლობენ, მაგრამ მხოლოდ განადგურების სურვილს უნერგავენ მათ გულში. ეს ალინამ ვერ გაიგონა...
-	 დე, შეიძლება სკოლაში მეც წავიდე?
     დედა შეხტა, ალინა კალთიდან მოიგლიჯა და კუთხეში მიიმალა ცრემლების დასამარხად. 
     მთელი საღამო ან იქნებ დილა, ვინ იცის, რადგან მათ სარკოფაგში მზე არ ატანდა, ვერ იგრძნობდი დროის ცვლილებას, ალინა სკოლაში წასვლას ითხოვდა, რომ მერე თავადაც ენახა მაღალი შენობები, ამწვანებული ბაღები და თავისუფლება, რომელიც არც კი იცოდა რა იყო, რადგან დედამ თავისუფლება ვერ დაუხტა. დედა ხმას ვერ იღებდა მხოლოდ უკვე დაუფარავად ტიროდა და სინესტეს აბრალებდა. ასეა ადამიანი ემსგავსება იმ სახლს, რომელშიც ცხოვრობს და პირიქით. 
     მეორე დღეს დედამ ალინას ყდამოგლეჯილი წიგნი, რვეული და კალამი მოუტანა, გოგონას სიხარული კედლებმაც შეიფერეს და კვლავ  ნაჩვევ ემოციას ცრემლებს მიმართეს.  ალინამ იცოდა, რომ სკოლაში ვერ წავიდოდა, მაგრამ იქნებ სახლში ასოების ხატვით მიმხვდარიყო, როგორი იყო  კედელზე ანთებული სამყარო. 
    გოგონა სანთლის შუქზე ასოებს ხატავდა, დედას კი შიმშილი არ აძინებდა, თან იცოდა, რომ  კიდევ კარგა ხანი მოუწევდა მის ორგანიზმს ალინას სასკოლო ნივთების გამო „ მარხვა“, მაგრამ მას ეს არ ადარდებდა.  ოცნებობდა, იქნებ ერთ დღეს, ალინას  ამ კალმით მოეწერა ხელი გოგონებისთვის სწავლის უფლების დეკლარაციაზე. 
    კედელზე დედის ნახატი  იღვენთებოდა და ალინას სულში იხატებოდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი