ესსე თავისუფლებაზე
„თავისუფლება თავის არ შეკავებაში კი არ არის არამედ, საკუთარი თავის ფლობაშია“-ფიოდორ დოსტოევსკის ეს არაჩვეულებრივი განმარტება ჭეშმარიტი და სწორად გაგებული პიროვნული თავისუფლებისა,ერთ-ერთი ყურადსაღები და თვალსაჩინო მაგალითია თვითონ ამ ცნების არსის გასაგებად. ხელოვნებაში,პოლიტიკაში და სხვადასხვა საერო თუ სასულიერო საქმეში თუ ვინმეს ღვაწლი ფასობს, ეს ნამდვილად მისი პიროვნული თავისუფლების დამსახურებაა,მაგრამ შეიძლება დავსვათ კითხვა- რა არის მაინც ეს პიროვნული თავისუფლება? პიროვნული „აღვირახსნილობა“ ხომ არა? ხელოვნებაში პასუხი ამ კითხვაზე სხვადასხვა მწერლის,მხატვრისა თუ პოეტის ნაწარმოებში უნდა ვეძიოთ,იმ იდეასა თუ განზრახვაში რამაც კალამი ან ფუნჯი ააღებინა ხელში და შეაქმნევინა უკვდავი შედევრი,უნდა ვეძიოთ რას ემსახურება ის ღირებულება-ფასეულობები, რომლებიც ჩაქსოვილია მის წინადადებებში თუ მონასმებში,არის ეს მართლაც ვარჯიში თავისუფლებაში(„ხელოვნება არის ვარჯიში თავისუფლებაში“-შილერი) თუ უბრალოდ ერთგვარი ხერხია ორიგინალობისა? მართლაც არის ის ასეთი ქვეცნობიერად თუ ტყუის(შეიძლება ისე,რომ თვითონაც ვერ მიმხვდარა). ვფიქრობ დღესდღეობით თანამედროვე ხელოვნებას და არა მარტო ხელოვნებას გეზი უფრო ფსევდო ფასეულობებისკენ აქვს აღებული,უმათავრესი როლი ამ დაღმა სვლაში დღევანდელობას მიუძღვის, რომელმაც ერთი შეხედვით თითქოს მრავალფეროვნება მოგვიტანა,მაგრამ, რომ წარმოვიდგინოთ მრავალ ფერთა სულელური და უმიზნო შერევა მხატვრულ ტილოზე, საშინელ და დამქანცველ ერთფეროვნებას,არა,საშინელ უფერულობას მივიღებთ. ვფიქრობ მრავალფეროვნება არის უპირველესად, მრავალფეროვნება სულისა, ის რაც შენს შიგნით ხდება, რაც თვითმყოფადია და ინდივიდუალურია,მხოლოდ საკუთარი თავის იდენტურია და რა თქმაუნდა აზრიანი.გოეთეს სიტყვებია-„პიროვნულობა ხელოვნებაში და პოეზიაში უმნიშვნელოვანესია.დღეისობით პიროვნულობისათვის დამახასიათებელ ნიშნებს თანამედროვე,ხელოვნების დარგებში ნაკლებათ ვაწყდებით.აღორძინების ეპოქა,მთელი თავისი სიმდიდრით განათლებისა და შემეცნების უმაღლესმა დონემ შექმნა და იმ ინდივიდებმა ვინც განათლებაცა და შემეცნებაც ამაღლებული იდეალებისაკენ სწრაფვას მოახმარეს. რა იყო ეს იდეალები? პატივისცემა ისტორიისა და მისი დანატოვარისა , სურვილი რაიმე ღირებულის შექმნისა და ამით თაობების განვითარებაში ხელისშეწყობისა.ორიგინალობისკენ არავინ არ მიისწრაფვოდა გამიზნულად,რადგან თავად იყვნენ ასეთები და ლოგიკურია,რომ იმის მოსაპოვებლად აღარ მოგიწევს ზრუნვა,რაც ისედაც გაქვს,როგორიც ისედაც ხარ.მათი პიროვნული თავისუფლება,რამაც მათ ნაწარმოებებში იჩინა თავი იყო გამოწვეული უტყუარობისგან,გულწრფელობისგან,შემოქმედითობის ხარისხისგან და პიროვნული ღირსებების ქონისგან. „თავისუფლება არის მსახურება“-გოეთე, ადამიანური აზროვნების შესაძლებლობების მწვერვალს მიღწეული ამ გერმანელი მოაზროვნის ეს ციტატა,თუ ჩავუღრმავდებით პასუხია კითხვაზე რომელიც ასე გვაწუხებს ხოლმე. თავიდან გამიჩნდა კითხვა, მსახურება? თუ მსახური ხარ მაშინ როგორ ხარ თავისუფალი? მაგრამ დაკვირვების შედეგად ასეთი აზრი შემექმნა,რომ მსახურების ობიექტი ისევ თავისუფლებაა, გავკადნიერდები და მოგახსენებთ ამ ციტატის ჩემებურ ინტერპრეტაცია-გაგებას,ვფირობ,რომ თავისუფლება მსახურებაა ისევ და ისევ თავისუფლებისა. შეიძლება ზოგი ფიქრობს, რომ თავისუფალი იქნება მას შემდეგ როცა მკერდს მოიშიშვლებს ან შარვალს ჩაიხდის(უკაცრავად) პუბლიკის თვალწინ, ან თავისუფლების კარიპჭეზე კაკუნი უცენზურო სიტყვების უხვი გამოძახილი გონია(არაბუნებრივად,შთაბეჭდილების მოსახდენად), ზოგი თავისუფლებას მატერიალური სახმარის მაქსიმალურ გამოყენებაში ხედავს(ბუნებრივიც არის,რადგან დღეისობით ჩვენ თვითონ ვართ უზომოდ მატერიალურნი) და ა.შ. არაესთეტიურის ესთეტიურად ჩვენებით ცდილობენ საკუთარ ინდივიდუალიზმზე ხაზგასმას,სინამდვილეში კი ეს,ერთმნიშვნელოვნად მათ შინაგან სამყაროზე მეტყველებს. სწორად შემსრულებელთან ერთად, სწორად შემფასებლის დეფიციტსაც განვიცდით. ხელოვნებასთან უცხოა ტენდენციურობა.თავს მოხვევა ყოვლად დაუშვებელია. ხელოვნების ნაწარმოები ხომ პირველ რიგში კათარზისს ემასახურება და იმ უკვდავი ღირებულებების პატივისცემას,რომლებიც უხსოვარი დროიდან მოსდგამს კაცობრიობას. მე თავისუფლების სრულმნიშვნელოვან გაგაბას ქრისტიანობაში ვხედავ. რადგან ეს ის რელიგიაა სადაც ნათქვამია-“... ეძიე და ჰპოვებ...“,სადაც ადამის ნაშიერს არჩევანისა და ძიების დაუსრულებელი უფლება აქვს.ვფიქრობ,რომ თავისუფლების ცნების შესისლხორცება ძიების პროცესთანაა კავშირში. გაუმდინარე წყალი ყროლდება და იხრწნება მისი დალევა მომწამვლელია, ხოლო გამდინარე მუდმივ განახლების პროცესშია,მისი ნაკადი წინ მიიწევს გზას იკვალავს,მას სხვადასხვა შენაკადებიც ერთვის(ან უერთდდება) და მინერალებით მდიდარია,ისე რომ დასალევად შეიძლება სამკურნალოც კი იყოს. პიროვნული თავისუფლება თვითშემეცნებაა, მის გასაგებად კი სწორი განათლებაა საჭირო. თავისუფლება ბრძოლაა თითქოს უკვდავებისათვის. ვფიქრობ,რომ თავისუფლება ამორალურის აკრძალვაა საკუთარ თავში, სისუსტეების ფლობაა, ამიტომაც დავიწყე ცნობილი რუსი მწერლის ციტატით ამ თემაზე საუბარი. ის რომ რაიმეს(რაც არ უნდა იყოს)წადილი კი არ მმართავს,არამედ პირიქით, წადილს მე როგორც მინდა. აი მაგალითად სურვილი,რომ ვიღაცას მაგრად ვუთავაზო, შეიძლება აუტანლადაც მინდოდეს, მაგრამ არ გავაკეთებ(თუ ძალიან არ მოინდომა), რადგან წინ გავიხედები და მივხვდები, რომ ამით საქმეს არ ეშველება, რომ არსებობს სხვა ხერხიც, ბევრად უფრო უკეთესი და ცივილურიც.ასეთი მცირე თვითკონტროლი ჩემთვის უკვე ერთი ნაბიჯია თავისუფლებისაკენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი