პატრიოტობა პროფესიონალიზმია
"დღეს ძალიან იოლ თავშესაფრად იქცა პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი გახდა თავშესაფარი უამრავი აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანისა და ის ისეთი ტონით გელაპარაკება იქიდან, რომ ჰკითხო, ვინა ხარ, გეუბნება, პატრიოტი. პატრიოტობა პროფესია არ არის, პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ”… - რეზო თაბუკაშვილი მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინათ მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რუსთაველზე საპროტესტო აქცია მოგვეწყო და ჩვენი ყელშიმიმშრალი ხმისათვის მეტი გამბედაობა და სიმტკიცე შეგვემატებინა. აქციის მოწყობის მიზეზი ის იყო, რომ ძალიან განვიცადეთ ჩვენი თანატოლების ერთი ნაწილის მიერ არაერთხელ ნათქვამი ფრაზა: აფხაზეთი საქართველო არ არისო. ცხადია, ყველა ამ აზრს არ იზიარებდა, თუმცა ვინც ქვეყნისთვის საზიანოდ ფიქრობდა, მათთვის გვინდოდა პასუხი გაგვეცა. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, რომ თეთრ მუყაოს ქაღალდზე დაწერილი ტრანსპარანტით: ,,აფხაზეთი საქართველოა” დავმდგარიყავით პარლამენტთან, რომელიც ჩემთვის ,,გიგანტურ ჩონხთან" ასოცირდებოდა. რუსთაველის გამზირი ჩვეულებრივად ჩავიარეთ. პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი მიდი-მოდიოდა. 9 აპრილის მემორიალთან 13-15 წლის მოზარდი ფოტოს გადასაღებად ემზადებოდა, მისი სახის გამომეტყველება ავლენდა, რომ სურათს თითქოს რომელიმე რიგით კულტურულ მონუმენტთან იღებდა, თან მის წინ ფოტოაპარატით მდგარი შუახნის მამაკაცი ღიმილმილეული სახით ეუბნებოდა - გაიღიმიეო. ნეტავ, რა იყო იქ გასაღიმებელი?! უკეთესი მომავლის სურვილი თუ მავანთათვის მემორიალად ქცეული 9 აპრილის ისტორია?! მე და ჩემი მეგობარი გამვლელებს შორის ჩვენს თანამოაზრეებს ვეძებდით, შეკრების დათქმულ დრომდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, ამდენად ჩუმად ვიცდიდით, ნაცნობი არავინ ჩანდა. ვუყურებდი ჩემი მეგობრის ზურგჩანთას, რომელშიც დახვეულ, მართკუთხა ფორმის თეთრ მუყაოს ქაღალდზე ,,აფხაზეთი საქართველოა!” ეწერა. თეთრი იმიტომ, რომ ჩვენი აზრით, ეს ფერი დემოკრატიასა და მშვიდობას კარგად ესადაგებოდა. ამასთანავე ეს მუყაოს ქაღალდი ერთადერთი რამ იყო, რაც ჩვენს ,,პატრიოტიზმს” გამოხატავდა. მე ვერ ვბედავდი, მისთვის ჩანთიდან ტრანსპარანტის ამოღება შემეხსენებინა, რადგანაც დათქმულ დროს გადასცდა და არავინ ჩანდა, პარლამენტთან მხოლოდ ჩვენ ვიდექით. ვღელავდი თუმცა არ მინდოდა, მეგობრისათვის ეს მეგრძნობინებინა. 10-15 წუთის შემდეგ ის თვითონვე მომიბრუნდა იმედგაცრუებული და დაიჩივლა: ,,ეჰ, მე მგონი, არავინ მოვა, მოდი, ჩვენ დავიწყოთ!” მარტონი ვიყავით და ვერცერთი ვხვდებოდით, რა უნდა ,,დაგვეწყო”. თუმცა ამასობაში ორივემ კარგად გავაანალიზეთ, რომ უნებლიეთ პატრიოტიზმის ,,იმ იოლ თავშესაფარში” აღმოვჩნდით, სადაც უამრავი - აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანი იყრის თავს, ამასთანავე ჩვენმა პროფესიონალიზმის ნაკლებობამ ცხადად გამოავლინა პატრიოტიზმის სიმწირე, რომელიც მხოლოდ ჩვენს გულებში იყო და ქვეყანას ვერაფრით წაადგებოდა. 9 აპრილის მემორიალთან წუთიერად გავშალეთ ჩვენი მშვიდობისფერი ტრანსპარანტი და იმ 13-15 წლის მოზარდივით რიგრიგობით ჩვენც გადავიღეთ ფოტოები, თუმცა მისგან განსხვავებით, ჩვენს სახეებს ღიმილი არ ეკარებოდა. წყარო: გაზ. ,,ჩემი აფხაზეთი” N45, დეკემბერი, 2018 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი