დათვლილი მონატრება
ჩემს მეთორმეტე წელიწადს, მე, ჩემი ძმა და მამაჩემი იმ რეალობით შევხვდით, რომ დედაჩემი სხვა ქვეყანაში სამუშაოდ უნდა წასულიყო. ასეც მოხდა, და დაიწყო უდედო დღეები და მარადიული ფიქრი დედის ხელახალი ხილვისა. პირველად ამ დროს გავისიგრძეგანე გენდერული თანასწორობის ტვირთი, როდესაც ყველა საოჯახო საქმეს თანაბარი განაწილებით ვასრულებდით მე, მამაჩემი და ჩემი ძმა. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ლექსების წერა, მსურდა ვინმესთვის მეამბნა, რასაც ვგრძნობდი, რასაც განვიცდიდი, რაც მტკიოდა ან მიხაროდა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ამის დამსახურებით მოვინელე დარდი და ნაღველი, მაგრამ გამაფრთხილებელი სიგნალები მამცნობდნენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვირჯებოდი. დღეს ვიცი, რომ ამას ნოსტალგია ჰქვია. კარგად გავიცნობიერე, როცა უდედო დღეების ნაცვლად, უდედო ამოსუნთქვებისა და ჩასუნთქვების თვლა დავიწყე, ძალა გამომეცალა და დავემსგავსე სუსტ ხის ფეხებზე მდგარ სახლს. ათასი წვიმა გადავიტანე, ათას ქარცეცხლს გავუძელი, ნიაღვარიც ულევი იყო… ოღონდ ასევე ულევი იყო მზიანი დღეებიც, რომლებიც აღწევდნენ ჩემს ფანჯრებში, რომელთაც ყოველ აისსა და მიმწუხრზე ჩემი ძმა და მამაჩემი აღებდნენ, ამ დროს შემოდიოდა გარე სამყაოს მტვერი, რაც ჩემს ავეჯს ეფინებოდა, ავეჯს, რომელიც არ მქონდა. სამაგიეროდ მქონდა უსაზღვრო ფანტაზია და საოცარი მიზანი, რომ დამენახა და მეგულისხმა ის, რაც არ მქონდა, ასე მოვაღწიე აქამდე, ასე გავლიე ბოლო ცხრა წელიწადი. თუმცა ეს ყველაფერი არაფერია იმასთან, რასაც ღვთიური დედები რეალურ სამყაროსგან გრძნობენ მსგავს სიტუაციებში, მაშინ როდესაც არც ხის ფეხებზე მდგარი სახლი აქვთ და არც ქმარ-შვილის მზისაგან გამთბარი ხელები. ზემოთ ცხრა წელიწადი ვახსენე, ეს მხოლოდ წლებია, მხოლოდ დრო, რომელიც გადის და ქრება, ხოლო ამ ყველაფერს კიდევ 95 მილიონი შვილმოცილებული დედის ჩასუნთქვას თუ დავუმატებთ, უფრო დამაჯერებელი იქნება, რომ ეს სუნთქვები უფრო მარადიულია, ვიდრე ცხრა წელიწადი. წყარო: ,,საქართველოს რესპუბლიკა" N265. შაბათი, 29 დეკემბერი, 2018 წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი