მემთლიანები
მემთლიანები, ჩემო ზღვაო, ჩემო იმედო შენი მზეებით ცხელ ტალღებში - შენი მკერდითვე, და იქნებ ერთხელ ამ წიაღში შემოიხედო, სადაც კოცნები წვრილ ხალებზე ვერ გაგირითმე. სადაც დღეები წლების ნისლში ისე იღვრება, ვით დედის ცრემლი ავადმყოფი შვილის სხეულზედ და დაიჯერე ამ დროს უფრო მეტად მჭირდება, შენს თბილ ხელებზე ამოსუნთქვა რომ გავმზეურდე, გამოვიხედო შენს სიღრმეში, სადაც სახლები გვერდი-გვერდ დგანან და ბალახებს ნამი ევლება და მზიან ფანჯრებს როცა ზღვიან ქარით ვეხლები, სამარადისოდ დამიტოვონ უნდა ხელებმა. რადგანაც გწამდეს, უშენობით ყველა ანთება კენტია და მსვამს ყოველ ჯერზე მე მთის თვალები, და როცა გიმზერ, როცა გეტრფი ისევ ნათდება, ისევ ვცოცხლდები და უგონოდ მემთლიანები. მემთლიანები ჩემო ზღვაო, ჩემო იმედო, და გეკვრი ნათელ ღამეებში - სავსე მკერდითვე. იქნება ერთხელ მე ამ ლექსის თქმაც გაგიბედო, სადაც კოცნები ჩემს წრფელ ალერსთან გაგირითმე. წყარო: სამხატვრო სალიტერატურო ჟურნალი - Რიწა (№1 - 2019) ბმული: http://bit.ly/2VLQztF
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი