პოეტისაგან სიცოცხლის მქონეს


გაშლილი სივრცე მიკაფავს ღონეს
და სულმიხდილი დავეძებ მიწას.
პოეტისაგან სიცოცხლის მქონეს
აურაცხელი ლექსები გიცავს.

აურაცხელი ლექსები გიცავს,
რომ ეზიარო ჭაღარას ოდეს...
მე შეიძლება, ვათბობდე ფიცარს,
მაგრამ სხვის სხეულს - აღარასოდეს!

მაგრამ სხვის სხეულს - აღარასოდეს
ჩვენი ზღვა სევდას არ დაუამებს,
ამიტომაც გთხოვ, მუდამ გახსოვდეს
რომ ჰაერს ვსუნთქავ შენით უამესს.

რომ ჰაერს ვსუნთქავ შენით უამესს
და მზე გაწუწულ ტალღებში მისვრის.
დაძრული ფსკერიც აქ გაღიარებს -
ქალღმერთად ჩემი ლექსების ისრის.

ქალღმერთად, ჩემი ლექსების ისრის,
გზნებით, რომ თელავს მინდვრის ბალახებს
და ადრეული ყლორტების კისკისს,
შენი ჩურჩულის სუნთქვა ალაღებს.

შენი ჩურჩულის სუნთქვა ალაღებს
ცასაც და კაცსაც, განმცდელს და მთხოვნელს,
და მწარე მინდვრის მთუთქავ ზამბახებს,
გაშლილი სივრცე უკაფავს ღონეს.

გაშლილი სივრცე უკაფავს ღონეს...
მე - სულმიხდილი დავეძებ მიწას.
შენ - პოეტისგან სიცოცხლის მქონეს,
აურაცხელი ლექსები გიცავს.

(15-17).11.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი