თოვლივით ცივი გვერდები
უშენოდ ვწერდი შენთან ყოფნაზე და სისხამისფერ სონეტებს ვმღერდი. ახლა თოვლივით ცივია გვერდი, ადრე რომ სწვავდა შენი სინაზე. თმაგაწეწილი შენს თავს მოველი და უცხო ტონი სხეულზე გელტვის, თუმცა იმდენად უცხო ხარ ჩემთვის, როგორც ღვთის სახლში საკურთხეველი. უშენოდ ვცლიდი ღმერთთან ბარძიმებს, ბარძიმებს ვცლიდი ღმერთებთან შენთვის. ახლა ეს სული შენს სხეულს ერთვის და უშენობა აღარ მამძიმებს. შენთან დავტოვე ბავშვის სიცილი, ანცობის მზერა და სული მზარდი. შენით სიგიჟის მთებზე ვბორგავდი და ჰაერს ვჭამდი ქანცგამოცლილი. ცრემლით შევთხოვდი გაფურჩქნულ წნორებს, ცას რომ ვეშობე შენს გულთან ახლოს. ჩემი სხეული სულებთან სახლობს, შენი სული კი სხეულს მაგონებს. სანამ გაწვრთნილი მზით გავითლები, გულის ტკივილთან მსურს, რომ დავზავდე და სანამ თვალებს ჩამირაზავდე – მე, გახელილი მრჩება თვალები. თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII თბილისი 2017 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი