AMANT (მათ უყვართ)


დაიწყო.


(ჩემი უშენო, მაგრამ ღმერთსავსე ბედის ციკლი)

ვერ შევიხორცე დღემდე იარა,

რომელიც შენით, უშენოდ მეწვის,

ეჰ, რამდენმა მზემ გადაიარა

ჩვენ შორის გაბმულ ხიდებზე ბეწვის.


* * *

როდესაც სულში სხეული დნება,

როდესაც გესლი ბოლომდე მიპყრობს.

მე, არსად მრჩება სიცოცხლის ნება,

მე, არსად მივსდევ სიკვდილის გრძელ სტროფს.


* * *
ვინაიდან

 ,,რაც საკუთარი თავი შევიყვარე, 
მივხვდი, რომ 
დარდი და ნაღველი – 
მხოლოდ გამაფრთხილებელი 
სიგნალებია, 
რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი 

ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. 
დღეს ვიცი, 
რომ ამას "სინამდვილე" ჰქვია.''


ამიტომაც ვგრძნობ,
რომ დადგება დრო 
და 
ჩემს საფლავზე 
გაიხარებს შენი
თითები.

* * *
მოვა წვიმა და
დაგისველებს

გაშიშვლებულ 
სულს.

* * *
თუმცა, ეს გვიან, 
როცა უწყლოდ 
დამიჭკნება გული,

როცა შენი ხმა
ვეღარ მოაღწევს 
ჩემს სულეთამდე,

როცა ეგ გულიც
 ფრთას მოიტეხს 
ჩემკენ ფრენისას.

და ჩვენს თვალებში 
დაბნელდება მზე,

ანუ ცა მოკვდება.
 გამოსავალი რაშია?!

არაფერში.
 მე დავსრულდები

შენ დაიწყები. 
ასე იქნება მუდამ. 

გამოსავალი?! 
არ არის, 
არა.



თუმც, ვამჩნევ, როგორ შავდება 
ზეცა და 
მეც ვშავდები,
 რადგან პოეტი ზეცის ხიდია,

მარმარილოა შენი გვერდები,

ვბერდები. 
ცა კი ყულფზე ჰკიდია.

* * *

დავმწიფდი უკვე, ვლპები არსებით,
მღვრიედ მამშვენებს, შავი არშია,
ხსნად თოვს და მე კი, ისევ ცა მშია.


* * *
ვერც ცოცხალსა და მკვდარს ვემსგავსები.
არსად დადიან, ჩვენი მსგავსები.

















ხან ისეთი თბილია, 
უშენობის შეგრძნება,

მეშინია ტკივილით, 
ბოლოჯერ არ გავცივდე.
ღმერთო, 
მომეცი ძალა, 
არა იმისთვის,

რომ ამ 
ყველაფერს გავუძლო,

არამედ იმისთვის,
 რომ ეს 
ყველაფერი 
შევცვალო!

* * *
რადგანაც, ვხვდები რომ 
ჩემს სხეულში 
დარბეულ მხეცს, 
უფორმო სხეულში 
ჩაღვრილი 
აქვს შენი სისხლი, რომელიც 
ხან 
ჩემს გარიჟრაჟს აშრობს.
 ხან აწვიმს, 
ხანაც ათოვს...
 და როგორც იქნა აცივდა ზეცა.

ცა კი, ისევ თბილია, როგორც შენი თითები,

ჩემს სულში.
 

თოვს თეთრად და მოლურჯოა მიწა.

როგორც შენი გული, სხვის ხელში

და ჩემი მდგომარეობაც 
მიზეზ-შედეგობრივია.


მე დღეს დამდგამენ შენს სარეცელზე,

მაგრამ იქ უკვე
 აღარ იქნები.

ვერ დავუწყებ 
შენს თითებს ძებნას,

რადგან ხელები თოკით
 მექნება შეკრული 
და 
ხელში ჯვარი მეჭირება
და. მერე მიხვდები. 

(გადაჭრილია)

უბრალოდ მორჩა დასაწყისი
 დასასრულისთვის

და ამოვიდა მზისებრ სევდიდან,
 ახალშობილი 
ზიზღის ნაყოფი.



დრო ჩარჩა ჩვენს თვალებში.
 ჰო, დრო გამოვკეტეთ 

ჩვენი სულის მთებში.

 ანუ ისევ დაგვტანჯავს, 
მოცისფრო 
სული
 და დაგვამტვრევენ 
სუსტი ხელები.



მოდი დავმთავრდეთ,

ან დავსრულდეთ,

ან დავამთავროთ.


(ერთმანეთი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი