ტელეფონის ზარი


კბილების კაწკაწით ვიმშვიდებ ნერვებს,

ვცდილობ ავადევნო საათის წიკწიკს.

პირაღმართული ვწევარ ნაოფლარ სარეცელზე, 

რომელიც ოთახის ცენტრში, ოთხივე კედლიდან 

თანაბარი მანძილის დაშორებით, დგას.

აშკარად მარტო ვარ ჩემს სხეულთან.

ვუცქერ ტელეფონს, რომელიც ჭერზე თავდაყირა ჰკიდია 

და მსურს, საბოლოოდ გავიგო მისი შემაწუხებელი წკრიალი.

არ რეკავს.

არ რეკავს.

არ რეკავს-მეთქი.

ვნებდები და ხმამაღალ საუაბრს ვიწყებ.

საბნის ქვეშ ჩაძვრა ჩემი ჭლე ხორცი, 

როცა ბუნდოვანი სული ფეხის თითივით, 

საბნის მიღმა დარჩა და ვიგრძენი, როგორ 

შემოუძვრა სიცივისგან ათრთოლებული

მძიმე და მართალი ჭრილობით.

დარეკავს.

დარეკავს.

დარეკავს-მეთქი.

ვინც ერთ დროს საბნის პირზე ნოტებს ჭრიდა.

ამრიგან ვაგრძელებ საუბარს (უფრო მაღალი ტონით) 

და ამბოხს მმატებს ხმა, რომელიც ჩემი სხეულიდან იყეფება, 

ვერ ვიტყვი, რომ ძაღლურად, თუმცა არც ადამიანურად.

ვწყვეტ სუნთქვას, ვწყვეტ ყვირილს, 

იმ მიზნით, რომ დავრწმუნდე მარტო 

ვარ თუ არა.

გაირბინა ოცდამეერთე წამმა,

უფრო ოცდაერთმა საუკუნემ 

და გაისმა ზარი.

დარეკა.

დარეკა.

დარეკა-მეთქი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი