,,მიწისფერი" (მინიატურული ჩანახატი)
„ეს ამბავი დიდმთვარობისას მოხდა, როდესაც მთელი ქალაქი არდაბადებული ჩვილის პანაშვიდს იხდიდა, რომელსაც მზისა და მთვარის შემაჟრჟოლებელი ნეტარებაც კი არ უგრძვნია. ვერ მოჰფენოდა მის არშემდგარ ღაწვებს ზეცის კრისტალური შუქ-ჩრდილები და არ განუცდია მლაშე მიწისა და ქვების არამარილირებადი გემო. ამდენად სიწმინდის მთავარ მოედანზე მხრჩოლავი საკმევლის ოხშივარი იდგა და მბჟუტავი სანთლები მინავლით აჩენდნენ თავთავებგამოზრდილ ხორბლის მარცვლებს, რომლებიც შუშის ჭურჭელში იყო მოთავსებული.“ ყველაფეერი კი ასე დაიწყო… ერთ დილას ზეცის ყელის სამეფოს მმართველის ქალწულს, ფერას თავისი ნავსაყუდლის სარკმლიდან მიწიერი არსება შეუნიშნავს, რომელიც გამომშრალ ნიადაგზე ფეხშიშველი დაიარებოდა, ფერამ ამ ამოუცნობ არსებას თვალი ვერ მოსტაცა, უყურა, უყურა და რომ ვერ დაიკმაყოფილა ქალური ინტერესი, რომ მისი სახის ხატება შეენიშნა, სანიშნად წვიმა გაუგზავნა, რათა მზერა ცისთვის მიეპყრო და მის თვალებში საკუთარი თავი წაეკითხა. ასეც მოხდა, მიწიერმა არსებამ პირველივე წვეთის შეხებისთანავე მაღლა აიხედა და როცა მისი და ფერას თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, მზის დისკო მზეზე მეტად გავარვარდა და უცნობ არსებას თვალთ დაუბნელდა, ვეღარ განაგრძო ფერას თვალთა სიკაშკაშის ყურება, ეს იმდენად სწრაფად მოხდა, როგორც შუაღამის ნათელით გარდაქმნა, თუმცა ვნების იოტისოდენა საწყისმა ორთავეს გენეზისში მოასწრო დაბადება. ამ დღის შემდეგ, მზის დისკოს სივარვარე არ თმობდა საკუთარ სიჯიუტეს და ცოცხალ სხეულებს არ აძლევდა მზერით დატკბობის საშუალებას. დრო ირმის ნახტომზე ითვლის ვარსკვლავებს, არსებები ვერ ასწრებენ გამოღვიძებას, მიწიერი არსება კი ტყის მრავლაფერ ზოლში რაღაცას ეძებს და მზისფერი მდინარის პირზე ცისფერ ლოდს პოულობს, რომელიც მის სახეზე შვებისა და ბედნიერების თანაზიარი სუნთქვის ელფერს ანპირობებს. დიდი წვალების შედეგად გაცისკროვნებული ლოდი თავის საცხოვრებელში მიაქვს, რომელსაც არქმევს საკუთარ ძველმიწიურ სახელს – ,,მიწა“. იგი ყოველდღე ცისფერ ,,მიწას“ თლის, რადგანაც სურს, მისგან იმ ნანახი ხატების პროტოტიპი შექმნას, ზეცაზე რომ შენიშნა. ლოდში იმ სახის გაცოცხლება სწადდს, თან ზუსტად იმ აბსოლუტურობით, როგორადაც გრძნობს საკუთარ წარმოსახვაში; ნავნებს, ოქროსფერ სილურჯეში მოკირწყლულსა და ოთხ ნალაციცარ კედელში მოქცეულს. ლოდს საკუთარი ფრჩხილებით თლის და შიგადაშიგ მის შიგთავსს მიწას თითებიდან გამოჟონილი სისხლი ედება, ყოველ ამ ჯერზე კი მიწა წითლდება და არე-მარე მიწისფრად ნათდება. რამდენიმე დღეში მიწამ ლოდისაგან ცისფერი ქანდაკება გამოთალა, რომელიც მთლიანად ჰგავდა მიღმიერ ფიქრთა ექსტაზში დაბადებულ ფერას ხატებას, თუმცა თვალების გამოყვანისა და სუნთქვანადები ბადურის გამოჭრის ყველა ძალისხმევამ უშედეგოდ ჩაიარა, რადგანაც მათ გაცოცხლება და გაორკეცება ვერ მოახერხა. ათასმა მცდელობის გზამ, რომ უშედეგოდ ჩაიარა მიწიერმა არსება მის წარმოსახვაში მცხოვრები ღმერთს უმორჩილესი თხოვნით მიმართა, რომელიც მისი ურყევი რწმენით თვალთაგან ნათლის მხილველი და წმინდა შუქის შემქმნელი იყო, მანაც მიიღო მიწას ნალოცვარი და მოწყალება გამოიჩინა. იმ საღამოსვე ქანდაკებაში ფერას მოცისფრ-მოღრუბლისფრო თვალები გაჩნდა, რომლებიც თანაზიართან ნასპეტაკარი იყო, თანაბარმნიშვნელოვნად მოკეთე და დიდი საიდუმლოებით მოცული. მიწამ კი აუარელი ზეცის სიხარული და მარადიული ვნების წადილი ერთიანად იგრძნო, რაც მათი შემონათებით იყო განპირობებული. ამ დღის შემდგომ კი, როცა დაისი ისადგურებდა და ღამე თავისი მეფური შემართებით ირგვლივ არე-მარეს სიბნელეში აყენებდა, ნაქანცარი ფერა ზეციდან უსულო ქანდაკების ცოცხალი თვალებით მიწას ხედავდა, მათ ძილი არ ეკარებოდათ, ფერა ორთიომანტიით გახრწნილ ნათალ თვალებზე მიწას ხელებს გრძნობდა და მიწისფრად იმოსებოდა სპილენძის ცაზე, გათენების ჟამს კი ქანდაკება მიწის იდენტური ხდებოდა და უკომპრომისო დღის შუქით მასვე ემსგავსებოდა. ნაბუნიობის ღამემ მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგანაც სწორედ ამ დღეს მათი სხეულები პირველად შეხვდნენ ერთმაენთს. მზის დროებითი სიკვდილის ჟამს ქანდაკება გაცოცხლდა და აუარებელი ვნებით შეაღწია მიწას სხეუის უცნობ მხარეში და ამ დროს ნიადაგს ცისფერი ცრემლი წასკდა, ფერას სხეულს კაპილარებიდან მზისოდენა ცრელები სცვიოდა და ხეებში ხელთავიდან ყვავილობდნენ გარეგანი კულტურის ფორმები, ამდენად ფერას სხეულში მიწიერი საწყისი დაიბადა, ორივე ხედავდა თუ როგორ განისვენებდნენ თავიანთი სხეულები ერთმაენთისგან დამოუკიდებლად მიწასა და ცაზე გაშლილები, თუ როგორ სდიოდა ფერას დალეწილი თვალებიდან ცისფერი ბედნიერების სისხლი. ასე, დიდხანს უმზერდნენ საკუთარ მოცისფრო სხეულებს და გრძნობდნენ, როგორ უყვარდებოდათ ერთმანეთის თავები, ეს უთუოდ პაემანი იყო, მარადისობის პაემანი და მათ უკვე გახელილი თვალებითაც შეეძლოთ საკუთარი კონტუების მოხაზვა და ერთურთის ცხადად დანახვა. გათენების ჟამს, ფერას მამამ ასულის სარეცელზე ნიადაგის მცირე კვალი შენიშნა, მეფე გონიერებით გამორჩეული იყო და მალევე მიხვდა, რომ მისმა ქალიშვილმა უბიწოობა მშრალ ნიადაგზე სამარადჟამოდ დატოვა, მეფე იმასაც აანალიზებდა, რომ ყოველგვარი განრისხება აზრმოკლებული იქნებოდა და ვიდრე ყველა გაიგებდა მის შეურაცხყოფას, ვნებას ნაზიარები ფერა მზის დისკოს უფლისწულზე უნდა მიეთხოვებინა. ნიათალი თავის სამეფოში გამორჩეული მხედარი და პატივსაცემი ჭაბუკი იყო, განა იმსახურებდა მისი სახელი ფერასნაირ სასჯელსა და სიხარულს. ქორწილი მეორე დღესვე გამართეს, ყველაფერი მიწასგან დამოუკიდებლად მოხდა, მან არაფერი იცოდა, მხოლოდ ერთხელ დაეჭვდა, როცა ღამით ქანდაკება არ გაცოცხლდა, თუმცა უძლურებას მისი ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობა ვერ აღემატებოდა. ზეციური ქორწილი მზის დისკოს სამეფოში გამართეს, ირგვლივ სიმდიდრის არომატს ყველაფერი მიჰქონდა, მზის ხალიჩები ეფინა გამჭირვალე ცის იატაკზე, მაგიდები ვარსკვლავისებურ ფეხებს ეყრდნობოდა, ფერას მოხდენილი ფერმკრთალი ცისფერი კაბა ემოსა, რომელიც პერიოდულად უფრო მეტად თეთრდებოდა. შუაღამისას კი, როცა მთვარე თავს იხრჩობდა მზის სარეცელზე და მისგან გამოსროლილი ნათელით ანათებდა, ნიათალისა და ფერას სხეულები ერთმანეთის პირისპირ უსიტყვოდ გაშიშვლდნენ, ორივეს სიმორცხვე ათრთოლებდა და თანაბრად წითლდებოდნენ. პირველივე შეხებისთანავე, რაღაც უცნაური მოხდა, ფერას მუცელმა ზრდა დაიწყო, გაურკვევლობაში აღმოჩენილი ნიათალი ვერ მიხვდა თუ სად იყო გარემოების განმსაზღვრელი პასუხი და წარმოდგენას ვერ იქმნიდა არსებულის შესახებ. როდესაც ფერას მუცელმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია ნიათალი მას ხელით ნაზად შეეხო და ციურ სისწრაფით ფერა სიცისფრეში გამოემშვიდობა ჯერ საკუთარ ჩვილს, შემდეგ კი – სხეულს. დასრულდა ნათელი და დასრულდა ოცნება იდეალურ ინდივიდზეც. სიცისფრის განზომილებადმა ბედნიერებამ მკვეთრად დაიღამა. მეორე დღეს, დიდმთვარობისას პირველივე მზის სხივმა ქალაქის მთავარ მოედანზე ფერას ცხედარი მთვარის კრისტალური კუბოთი ჩმოასვენა, ყველა მიწიერი ინდივიდი აუხსნელად მიხვდა ყველაფერს, რადგანაც მათი გონებრივი და წარმოსახვითი შესაძლებლობები ვერ აღემატებოდა გარემოების განმაპირობებელ რეალობას, არავის არაფრის ახსნა არ დაჭირდა, გარდა მიწასი, რომელმაც ვერ მიამსგავსა გარდაცვლილი უსულო სხეული ფერას მაშინდელ სიცოცხლითსავსე მშვენიერებას, რადგანაც სიცისფრემ დაკარგა კუთვნლილი შეფერილობა და ახლა ფერა მიწისფერი იყო, მისი თმის სიგრძე კი მოჰგავდა მანძილს, სიცოცხლიდან სიკვდილამდე, რომ არის გადაჭიმული. გამომშვიდობების ჟამს, როცა მიწას დამწვარი თითები საბოლოოდ შეეხო ფერას გამიწებულ, უსულო და უსიცოცხლოობით გაციებულ მუცელს, იგი ჯერ გაცისფრდა და შემდეგ გამჭირვალე გახდა, სადაც გამოიკვეთა უცოდველი პირმშო, ნიათელის მიწიერი გერი და მიწას ნაყოფი, რომელსაც დედისა და მამის მსგავსად მიწისა და ზეცის ფერი თანაბრად შვენოდა. ერთი კვირის შემდეგ, მიწას მიერ გამოთლილი ფერას ცისფერი ქანდაკება ჩვილი ბავშვის სხეულისოდენა გახდა და სპეტაკი, ბუნებრივად ცისფერი ფერი გამიწისფრდა. ერთი წლის შემდეგ კი პირველ გაზაფხულზე, ფერას საფლავზე მიწისფერი ბალახი ამოვიდა. მხოლოდ არ დაბადებული ჩვილის ქანდაკების თვალები იყო დედასავით ცისფერი და ზეცასავით უკიდეგანო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი