მოსართავები, ფაბთები და კიდევ რა ..


მოსართავები, ფაბთები და კიდევ რა დათვლის,
რომ ამ ქალაქში ახლა ყველა შესაცვლელია,
გრაციოზული სალამი და ალბათ სახლამდის
მისვლა გაძნელდა და იქაც კი შეგსახლებია

ვიღაც უცნობი, დასერილი ძარღვებით, ხედავ?
და მაგ შენს კედლებს ნახატებით ჩამოანგრევენ,
შემოგრევია დეპრესია, ფიქრები, სევდა,
და ახლა ისევ მიაცილებ ნაომარ დღეებს,

დღეებს რომლებსაც შენი სევდა გადაუვიდათ,
და იმ პერანგსაც აღარ იცვამ, რაც რომ უზომოდ
გიყვარდა, ანდაც წამოიღე გაზაფხულიდან
თეთრი კვირტები ალუბლების და სასაუზმოდ

ფართო ვერანდა თითქოს გიწვევს, ვერც გაექცევი,
მაღლით უყურებ ფერხთით მავალ არსებებს რადგან
ყველა შეგძულდა, შეიძულებ და წაქეზებით
მოიღრუბლებ და კვლავ დაიწყებ თოვლივით ბარდნას.

მეც ტროტუარზე ერთ-ერთი ვარ, ვინც შეიძულე,
ეს სიმარტოვე ნაგლეჯებად ბნელში მახედებს,
ჰო. ისევ ჟანგბადგამოცლილი ჰაერსაც ვუძლებ
და დანაშაულს ჩემსას ახლა აღარ მახვედრებს

აღარც არავინ, არც წიგნები, ფიქრები, დროთა
მონაცვლეობა, შეხებები ჭრილობის ადგილს,
საფლავთან ტირის ეს არმია უაზროდ მდგომთა
და ისევ ჭრილში ამ მიწასაც წვეთები გასდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი