შესასვლელ კარებს დავუმტვრიე სახელურები ..


შესასვლელ კარებს დავუმტვრიე სახელურები
და შუშაბანდებს გადავურჩი რადგან გმირი ვარ,
თოვლში დავივლი ამ ქუჩებს და ნაფეხურები
არ გამოჩნდება, რადგან მართლაც, მართლაც მივდივარ.

და ვის რად უნდა კვაზიმოდო თუკი გრეი ჰყავთ,
თუკი ძეგლებსაც სახელები კვლავ წაუშალეს,
დილა არაა, არც საღამო, თუმცა შეიკრავს
იუდა ყულფსაც ალბათ ისევ ამ ნაშუადღევს.

ჰოდა შენც ვაგნერ, მესაყვირეს უთხარი ტაქტში
სწორად ჩაჯდეს და ამ ნიცშესაც იქნებ გაუგო,
რაღა გაგიხდათ ერთი ტყვია, პაოლომ ტაში
შეაწყვეტინა ბრბოს და მერე წესი აიგო.

ჰოდა თქვენ ტაშსაც აღარ უკრავთ, ისევ პარტერში
სხედხართ და ლოჟას დაბოღმილნი, ფხიზლად უყურებთ,
ვიღაც გამოვა, კანცლერი თუ ვიღაც ნაკრებში
ნაძირალების და ლოცულობთ გადაუბრუნდეს

ფეხი ან სულაც გაიმეტებთ მეც და შვილებსაც,
მთელ თქვენს ფალანგებს ბარიკადებს მიუძღვნით ისევ,
ლამანჩელს აბჯარს დაუწუნებთ ნასადილევს და
ცხედრების ადგილს კვლავ შავ-თეთრებს გამოდგამთ ნიშებს.

და ვის რად უნდა კვაზიმოდო თუკი გრეი ჰყავთ,
თუკი ძეგლებსაც სახელები კვლავ წაუშალეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი