ციკლიდან ჰერმინე - ლექსი I
აქ მოდი ჰერმინე, მომბეზრდა, ეს დევნა, ქუჩებში აღარ ჩანს ამოსვლა მზისაც კი, მიგდებულ ქარხნებში ლოცვები მეზმანა. ვგიჟდები... მიმაგდო მე ვთხოვე ვისაც კი. ნუ იზამ ჰერმინე, მიშველე, ვიხრჩობი, ნერვებად დაფლეთილს სიკვდილი მწადია, რამდენი ღამე და სურათი ვინ მოსთვლის, რომ ჩემთან ათენეს, მოგვებმა. განთიადს ვხვდებოდი სულ მარტო. გეძებდი ფანჯრიდან, არ სჩანდი, არ სჩანდი, გამიგე ჰერმინე. სახლიდან გავრბოდი და მერე საჯიჯგნად ყორნებსაც ვუთვლიდი მოკითხვას. შემინდე. ვიცი, რომ შემინდობ. გახედე ბარდნის და შენივე წუხილი ფილტვებში მდარაჯობს, სულ ცოტა სინათლე აღარც კი გამიჯდა ძარღვებში. ახლა კი თუ უნდათ განმსაჯონ იმათაც ვინც მხოლოდ სისხლიან თვალებით, ელოდნენ კარებთან მიგდებულ ყვავილებს, რომ მათი სატრფონი, მიღმა ამ ფარდების უჭვრეტდნენ, უყვარდათ... მაინც ვერ გაიყვეს სამყარო ესეც და მიღმა, რაც არ ვიცით. შენ მოდი ჰერმინე, ღამითაც არ ვკეტავ ამ კარებს რადგანაც, მე სულ შენ დაგიცდი და იქნებ ღამემაც დაგვტოვოს სარკმელთან. აქ მოდი ჰერმინე, მიშველე, ვიხრჩობი. ვიხრჩობი, ვიხრჩობი, აქ მოდი ჰერმინე. რამდენი ცრემლი და რამდენსაც ვითხოვდი... თუმცა ეს წერილიც შენია... შემინდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი