მცდელობა


გადაგიკეტავს ეგ კარები. პირქვე დახრილმა, 
გინდა სახელურს დააწყვიტო მექანიზმები,
და გასაღებსაც მოისვრი და მერე ცალხმრივად
უკვე სიძულვს შეიგრძნობ და მიიზლაზნები.

რჩები ოთახში, ჩაკეტილი, არაფერია
გარეთ, რომ სურვილს ვერ მალავდი, თან ამოხეთქილს.
ახლა ფანჯრიდან გაჰყურებ და დამატებია
ქალაქს უშენოდ ქუჩები და კვლავ ამულეტის

რჩები იმედად, ფარდებს გასწევ, მერე გადახვალ,
შენი სიმაღლე სართულებად თითებს ვერ ითვლის,
თვალსაც მოავლებ ინტერიერს, ალბათ გალახავ
იძულებული შენს ქმედებას. მერე ფეიქრის,

იხსენებ სახეს, შეგიკერა მან ეს პერანგი,
ახლა კი ალბათ ის სახლისკენ მიემგზავრება,
და ლამპიონებს ვერ მისწვდება იცი ვერავინ,
თუმც ლამპიონებს შენი თავი მიემატება.

და ბოლო მზერაც კვლავ სახლისკენ ბრუნდება ისევ,
ამ თეთრ რაფაზე, შვება ჰპოვე, თითქოს გგონია,
და ვარსკვლავები აღარ სჩანან, იფიქრებ გისმენ,
ამ დღესაც ალბათ კვლავ უწოდებ ბუტაფორიას.

და უკვე ითქვა, რომ სიმაღლე შენი დიდია,
ქვემოთ კი მხოლოდ მანქანების მოსჩანს სინათლე,
არადა არა, არ ჩერდება და კვლავ მიდიან,
შენ კი ნანობ, რომ მე არავის რად არ მიმართე

დახმარებისთვის. ან მეზობელს ან თუნდაც უცხოს,
გადაფიცებულ შენს არსებებს, საყვარელს თუნდაც,
და ალტერ ეგო მიგიხვდება, რომ თავად უფრთხობ
მათ ამ გონებას, სისხლს და მერე შენივე ფურთხსაც

აღარ იკადრებ. მიატოვებ რაფასაც, ფარდებს,
ფრთხილად შორდები, შეშლილობა თითქოს დაგჩემდა,
ცდილობ გაცივდეს ეგ გონება, უფრო კი გმართებს
რომ გრადუსები არ მიგეშვა. ქვემოთ გაჩერდა

ყველა მანქანა, მაგისტრალი, ძეგლი, ჭაობი
ახლა მოძრავი შენ შემორჩი ნაცნობ კედლებს და
თითქოს თავიდან გიზიდავდეს ყველა ნაოჭი
ხელის გულებზე, მათ გარშემო. ბრალი გედება,
თუმცა არ იცი დააშავე თუკი რამე და
უცებ გადაწყვეტ ქვეცნობიერს ბოლო მოუღო,
ფიქრები მიდის, შენც იეჭვებ, იქნებ ღამიდან
მოგყვება. მერე წუხანდელიც იყო უიღბლო

ზეცა. და ისევ ეს ღრმულები, თუმცა კი რისი
თავად არ იცი რისთვის გაჩნდა, რაა მოტივი,
დაგჩემებია, სისულელედ უაზრო რისკი, 
გამხმარ ხეებზე გამოსული ნედლი ტოტივით.

და მიუჯდები სასადილოდ შენ იმ მაგიდას, 
რომლის ასაკის ნახევარსაც თავად ვერ ითვლი
ფიქრობ და იწყებ ანგარიშს და რიცხვებს თავიდან
ნულიდან ათვლას დაუპირებ. არაფერივით,

შენ იყურები და არც ფიქრობ. ცდილობ გაქცევას,
ცდილობ და თუმცა სადარბაზოს მიღმა ვინ იცის,
რომ იქ მარხია... რა აზრი აქვს, ახლა ნაწვეთარს
უყურებ ხედავ, და სარკეში ვიღაც გიცინის.

და შენ გგონია მარტო არ ხარ, და დაიჟინე,
რომ პასუხი გაქვს გასაცემი ანარეკლისთვის.
თვალი თვალში და გონებაში კვლავ დაიმიზნე
თავად არ იცი რაა, თუმცა გადაკენკილის

სარკის სწორსა და გაყვითლებულ ჩარჩოებს დაგმობ,
უფრო სწორად კი გაგიჩნდება სურვილი მტვრევის,
და ისევ უვლი წრეებს, წრეებს სწორედ შენს ნადგომს
ადგილს და კლვავაც მიგიზიდავს ფეხსაცმლის მტვერი.

ბრუნდები, უშვებ დაჟანგულ ონკანს და ჭიქას უშვერ,
უშვერ და ავსებ სულ პირამდე, თუმცა გადაღვრა
გარდაუვალი ქმედებაა, რადგანაც შუშებს
არ ძალუძთ შენი მწყურვალების მოკვლა. გადაგცდა.

ამოახველებ, ამოიტან მთელ შენს ოაზისს,
არც საფიქრალი გაგჩენია, რადგან გადარჩი, 
შეტრიალდები, წამოწვები, უკვე მოზარდი
სუნთქავ და მერე ხუჭავ თვალებს. უკვე ნაცადი,

ხერხებით, ფიქრით გადაწყვიტავ, რომ ჩაგეძინოს.
და სიბნელეში შენი გზაც კი სინათლედ არ ღირს.
გადაიფარებ, ჩაისუნთქავ, რომ საზეიმო
ხმები ჩაახშო და რომ გახდე შვილი შენ ღამის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი