"პასუხი ყივჩაღს"
**** ყივჩაღო, ჩემი ტრფობა დამალე, როგორაც ერთხელ, ხოხბობის ღამეს, გადაგეყრება ჩემი საბედო, საღამოს პირას, მუხრანის მხარეს. ნუ მოაგელვებ ულაყს გახედნილს, ნუღარც მიმინოს დაგეშავ ჩემზე, მე მახსოვს ცეკვა, როკვა არწივთა, მხოლოდ ნაბადზე და მხოლოდ ცერზე. მაშინ მიყვარდი, ეს იყო ადრე, შეხვედრას ჰგავდა მთვარესთან მზისა, მაგრამ დასრულდა ჩვენი ბავშვობა და სიყვარული სიჭაბუკისა. ყივჩაღო, მაკრთობს შენი სიმაღლე, შენი სილაღე, შენი გმირობა, მაგრამ, შენ იცი ჩემი სინაზეც და სიყვარულთან მოცილეობა. ხმალსაც ავლესავ, თუ საჭიროა, გულსაც მოგიკლავ და სულსაც წაგგვრი. ხომ იცი, ჩემი ბუნების ქალთან დაზავებაც კი ბრძოლას ჰგავს ნამდვილს. რომ გაზაფხულზე იებთან ერთად, ციდან ღრუბელთა სიცივეც ბარდნის. თერგი მშვიდია დარიალს იქეთ, დარიალს აქეთ თერგი ღრიალებს. შენი მიმინო, ჩემს ხოხობს ებრძვის, რა მოაშუშებს ამგვარ იარებს შენ გახსოვს ჩემი მანდილის ფერი, ნაწნავის სიგრძე და ხოხბის ყელი. მე მახსოვს შენი კლდეებზე როკვა და სიპი ქვების შეხება ცერზე. ნუ მოაგელვებ ულაყს გახედნილს, ნუღარც მიმინოს დაგეშავ ჩემზე. ყივჩაღო, ჩემი ტრფობა დამალე, როგორაც ერთხელ, ხოხბობის ღამეს, გადაგეყრება ჩემი საბედო, დაიღუპები მუხრანის მხარეს. წერო გადაკვეთს მუხრანის საზღვარს, და სხვათა მინდვრებს გალეწავს ქარი, ვერ მოისვენებ, ვერ დადინჯდები, სანამდე გქვია სატრფო ან ქმარი. მუხნართან ახლა ბნელი ღამეა, ისვენებს შფოთვით დაღლილი ტანი, გადამიყოლებს ამ იწროებში დეკემბრისა და იანვრის ქარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი