შეგიყვარე


მე შენ კი არა, შენს თვალებში 
სევდა შევიყვარე არსებული.
ტკივილი მეწამულისფერი,
კაპილარებად აბლაბუდასავით გადებული.
მე შენ კი არა,შენი წარსული შევიყვარე
ბაცი,მონაცრისფრო საბურველით.
მე შენი მშრალი ცრემლი შევიყვარე,
რაღაც უსაფუძვლო საფუძველით...
არა,შენ არა და არც შენი გული,
მის ადგილას სიცარიელე შევიყვარე დარჩენილი
და შენი ჰაერი,შენი სუნთქვა შევითვისე,
რაღაც სასიცოცხლო ნარჩენივით.
მე შენ კი არა,ხელისგულები შევიყვარე
უღვთოდ დაღარული,
მე შენში ქრისტე შევიყვარე 
ჯვარცმაზე უფრო დაღალული,
როცა წარმართებმა შუბი მიაგებეს ფერდში.
მე შენი დუმილი და გულმოკლული ადგილი
შევიყვარე შენს მკერდში.
მე შენ ნაწილ-ნაწილ შეგიყვარე,
არაერთსახოვნად და არა მთლიანად.
მე შენ უჯრედ-უჯრედ დაგშალე და
მერე კვლავ აგაწყვე ღმერთ-ადამიანად...
მე შენ გაგაღმერთე ანუ შეგიყვარე,
ანუ შეგიყვარე!
ანუ შეგიყვარე!
შენ კი,როგორც ღმერთმა,
ჩემი გრძნობებითვე მხოლოდ შემიფარე,
ოღონდ შემიფარე! 
გთხოვ,რომ  შემიფარე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი