***
ხმაური ქალაქის, ფსიქოზის აბები, მეგობრის მოკითხვა გულწრფელი არც ისე, არ ვიცი რა უნდა მოგიყვე ამბები, თუ გინდა ვუყუროთ ამ დღეებს ნაცრისფერს. ვილაყბოთ სიტყვებზე ქარისგან მოტანილ, გავცვალოთ აზრები იმიერ-ამიერ; აისზე კი არა ამაღამ მომკალი, რათა შენს ძარღვებში ვიშვა და წამიერ სისხლდენას ვენიდან დაარქვი ამბორი, ელოდე აღდგომას წუთიდან წამამდე, ცუდ სიზმრებს აქამდე წყალთან რომ ამბობდი მუხლებთან ჩამოდე თავი და გამანდე. უსმინე არიებს მოტანილს ქარისგან, შეხედე ღრუბლიდან მზის გამობრწყინებას, და სიკვდილს მე უფრო მარტივად გავრისკავ, ვიდრე შენს გარეშე სიცოცხლის დინებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი