სენტიმენტალური
შემოგვეჩვია ამ ბოლო დროს სენტიმენტები, გახუნებული კადრით ვცდილობთ ვიყოთ ფერადი, წიგნში საყვარელ ადგილს ვნიშნავთ თეთრი ლენტებით, მაგრამ ეს წიგნი აღარაა მრავალჯერადი. სიცოცხლის ლიმიტს წუთთან ერთად აკლდება წამი, ისევე როგორც წიგნს გვერდები დასასრულამდე, სიკვდილის მერე რაღად გვინდა ხორცი და გვამი, მერე რად გვინდა ჩაგვეწვეთოს ანდა სულამდე. თითოეული დრომოჭმული სიბრძნის მარცვალი, მონოგამიას პატივს ვცემ და ახლა ამიტომ, არ მინდა ცოლი სხვის მკლავებზე გამონაცვალი, როცა გონებას, გულს და სხეულს ჩემთვის არ მითმობს. უნიათობას შეჩვეული ვეჩვევი თრობას, ხან ანგარებით, ხან უანგაროდ ვართმევთ კაპიკებს, ვაქებთ უაზრო მიუღებელ ქიშპსა და მტრობას, არასწორ საათს დავყურებთ და ვადგენთ გრაფიკებს. ილუზიური რომანტიზმი ჩვენშიც ვლინდება, მაგრამ სულ ბოლოს მაინც ვრჩებით ცალი, კენტები, და ყველასათვის ბოჰემასთან ასოცირდება, შემოჩვეული უჩვეულო სენტიმენტები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი