ვდგავარ. ჰორიზონტს კვლავ აღვიქვამ ..


ვდგავარ. ჰორიზონტს კვლავ აღვიქვამ როგორც აბსურდად,
ნიჟარებში კი ზღვის სიყრუე მაინც არ მესმის
და თუკი მეტყვი თევზაობა ჩემზე არ გსურდა,
რატომ მაკვირვებს ყოველ დილით ხელში ანკესი?!

ცერზეშემდგარი სილუეტი მზის მაქვს რამეთუ,
უმისამართო წერილების მე ვარ ავტორი,
როგორ მინდოდა ჩემი წილიც შენთვის დამეთმო,
მაგრამ უარყვე ყოველგვარი თბილი ამბორი.

ასე, არშემდგარ მიზნებს ვახშობ გრავიტაციით,
ალბათ, მოგბეზრდი ყოველ დილით ფსევდო ფროიდი,
და უსასრულო სუბსტანსიის აგიტაციით
მოვალ შენამდე, რადგან ლექსზე მეტად მომინდი.

ყველა ოცნებას თავს მოვუკრავ, როგორც პირქუში
ამინდები და გადავხაზავ რიცხვებს კალენდრის,
რადგან გონება შენს თვალებზე ფიქრში მივუშვი
გეტყვი, შენს გარდა, რომ ატანაც არ მაქვს ქალების.

მე ამ სამყაროს ფუნდამენტად, ღერძად მიგიღე,
ვუშვებ იმასაც, ლექსის მერე ამიხირდები
მაგრამ ვხვდები რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, წყებად, დღითიდღე
შენ-სასიცოცხლოდ, ჰაერზეც კი მეტად მჭირდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი