მოდით მუზებო


მოდით მუზებო,
მე თქვენ მჭირდებით
მომეცით ბანი...
არ მსურს ვიარო,
უკვალ–უგზებოდ,
გრძნეულ–ეულად.
მოდით მუზებო,
ლექსი დავწეროთ
არწივ–ფრთიანი,
სანამ ეს გული
ფიქრებს, ოცნებებს
გადაჩვეულა.

მოდით მუზებო,
იქნებ თქვენ იყოთ 
ჩემი წამალი
და ამ წერაში 
გადამავიწყდეს,
დარდთა ამალა...
მე თუ ესეც კი
აღარ მიშველის,
ალბათ წავალ იქ,
სადაც ბუნებამ,
ბედნიერების
წამი დამალა.

მოდით მუზებო,
მოდით მჭირდებით,
როგორც არასდროს...
იქნებ აღვწერო,
როგორ არხია
ქარმა ტოტები...
იქნებ აღვწერო,
წვიმა წვეთებით
როგორ ბაასობს,
ან როგორ გალობს
ეს ჩემი გული
განმარტოებით.

მოდით მუზებო,
მოდით მიშველეთ,
მიდედ–მიმამეთ,
ან ძმებო, ძმობის
ხელი მაინც
გამომიწოდეთ.
მოდით მუზებო,
ეს ტკივილები
მხნედ დამიამეთ.
მსურს,
სიხარულის 
გადაჭარბების
გამო ვიწვოდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი