ბოლო დღეები


არჩევანი, რომ დადგა,
მე ვირჩევდი მშვიდობას,
გემი ნაპირს მოადგა
და მოვშორდი კიდობანს.
 
გავუყევი ნაპირებს,
ჩავიკარი სიკვდილი,
ვთქვი თუ ბედი აპირებს,
დაე მასზე წინ ვივლი.
 
გადავკოცნე ქუჩები,
მოვიარე სახლ-კარი,
აქ ბოლომდე თუ ვრჩები
მე სიკვდილსაც გავკარი.
 
აჰა, აქ ვარ, გიღიმი,
წამიყვანე საცა გსურს,
გამოგყვები ღიღინით,
მანდაც, ქვეყნის დასასრულს.
 
მოდი, აჰა, წამართვი,
ეს სიცოცხლე წამების!
თქვეს: გაქრები ამათვის,
რიცხვის მერე ცამეტის.
 
ჯერ სამია სექტემბრის,
ამ დღეს იშვა ეს სული,
მე არამწამს სექტების,
ვრჩები მართლის ერთგული.
 
ოთხში იქნებ იწვიმოს,
გამახსენოს წინა დრო.
ამ დრომ თუნდაც მიწყინოს,
ჩემში ის დრო ბინადრობს.
 
ხუთში ვნახავ ალბათ მზეს,
ექვსი ქარებს მაღირსებს,
შვიდი გამილამაზებს,
უკვე ნანახ აისებს.

რვაში დარდი მეწვევა,
სამი დღე, რომ ჩამითრევს,
სიკვდილი მომეწევა,
წითელ შუქებს ამინთებს.
 
თერთმეტს მაგრად დავთვრები,
გავიხსენებ ძმა-ბიჭებს,
ფეხზე ვეღარ დავდგები,
ვერ განვსაზღვრავ ნაბიჯებს.
 
თორმეტს ვიგრძნობ სიცივეს,
შემიპყრობენ დარდები,
ზეცა სიმწრით იცინებს,
მიწას შევუყვარდები.
 
გავიხსენებ მე, ცამეტს,
ვინც კი ჩემთვის ფასობდა,
გადავხედავ იმ წამებს,
გულს, რომ სითბოს ასობდა.
 
ტირილს მომგვრის დაისი,
ბოლოს ჩურჩულს გავიგებ,
თურმე უფლის ხმა ისმის,
წავალ, ხომ ვერ ავიგდებ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი