გხედავ
გხედავ. ფანჯრიდან, კარიდან, კედლიდან, ჭერიდან, ჩემგან და ჩემში და ყველაში - ღმერთო. ჩემი ხელები ვერ ერთდებიან, როცა ვლოცულობ. ჩემი სხეული სხვა გზით დადის, ასი წელია. იქნებ ათასიც, იქნებ სხვაგან არც კი მივლია. იქნებ ცდაც კი არ ყოფილა, შენკენ წამოსვლის. მე გგრძნობ ყოველთვის, როცა მტკივა, როცა მიჭირს, როცა ვერ ვუძლებ და არც ერთხელ, ბედნიერი ვარ როცა. რადგანაც, ვერ ვიმახსოვრებ ლოცვებს, შენ რომ გელაპარაკო. რომ დავჯდე და მოგიყვე, როგორ მაკლიხარ გულში და მერე ცხოვრებაშიც, რადგან უშენოდ არასწორია ყველა ჩემი სწორი ნაბიჯი. გხედავ: თვალებით, ხელებით, გულით, სულით და ვიდრე ვცდილობ არასოდეს არ დაგივიწყო, ძვირფასი მეგობარივით უხმოდ მომყვები გვერდით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი