დგახარ ნაპირას ზღვის
ზღვის პირას დგახარ, დგახარ ნაპირას ზღვის და შენს ფეხქვეშ სველი სუნთქვა თევზების, გავს გაქცევას საკუთარი თავიდან. თავიდან, ჰო, დავიწყოთ თავიდან. ზღვის პირას დგახარ და იქნებ სიკვდილის პირასაც და იქნებ არავინ მოვიდეს საერთოდ. ადამიანები ტალღებს არ გვანან, არ ბრუნდებიან. ისევ თავიდან? ჰო, ზღვის ლურჯი ნაპირი და ნაცრისფერი განთიანი შენი მხრებიდან. მზემ მოგხვია სხივები და ახლა წყალმცენარეთა მორევში გახრჩობს. დალიე. აკვარიუმივით მრგვალი ხარ, ან ოთხკუთხედი, ან სულაც არ გაქვს ფორმა და წყალივით ხარ, ნებისმიერ სივრცეს ერგები. არ ღირს, თავიდან... რადგან აღარაფერია შენში და ზღვის მიმოქცევამ გადაიარა. თვალებიდან გამჭირვალე კენჭები გცვივა და მანამ აგროვებ, ვიდრე ჯიბეები არ აგევსება. მაინც თავიდან. ზღვის პირას დგახარ, დგახარ ნაპირას ზღვის და არაფერი არ გინდა საერთოდ, გარდა ხმელეთის, რომელიც ფეხქვეშ ჩამოგეშალა და ახლა საკუთარი სიცოცხლე გეძებს. იქნებ გიპოვოს. ნამსხვრევებიდან ამოგათრიოს. იქნებ თევზებმაც ისწავლონ, მიწაზე სუნთქვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი