წვიმები
წვიმები. დგახარ და ყვირიხარ. არავინ გაიგებს და არც კი ეცდება გაიგოს, რადგანაც თავისიც ეყოფა ტანჯვა და დაცვენა გამხმარი ფოთლების. რადგნაც საკუთარ სიჩუმეს აპურებს და ებღაუჭება სიმშვიდეს ფრჩხილებით... წვიმები. დგახარ და არავინ გეძახის: შემოდი სახლში და გაითბე ხელები, შემოდი ჩემთან და გაითბე ცხოვრება, რომელიც ქრონიკულ სიკვდილად გარდიქცა, მუდმივად კვდება და ვერცერთხელ ცოცხლდება. წვიმები. ჩამოგდის წურწურით სახეზე ყინვა და კანკალი გეწყება მაჯებში, მუხლებში. ამოდის და სადღაც ფილტვებთან ერთდება, იშლება მკერდში და უყურებ თვალებში: შენს სევდას, რომელიც არაფრით არ მორჩა. შენს ყვირილს, რომელიც ვერავინ გაიგო. უყურებ, ყელშივე გეწყება ტკივილი და მერე ცდილობ რომ სხვებმა არ გაგიგონ, რომ უკვე გვიანი გამხდარა შველა და რომ უკვე ვერავინ მოვა და წაგიყვანს,... დახუჭავ თვალებს და ბოლოჯერ იყვირებ: წვიმები. ვერავინ გაიგო, ვერავინ შეგნიშნა, ვერავინ მიგიხვდა. მიფრინავს ბოლოჯერ პეპლების გუნდები, შენ ხედავ სინათლეს და შველად აღიქვამ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი