ღამისეული


როცა უხუცესი ტახტს თმობს,ანუ ცა გულზე სამკაულად იბნევს მთვარეს,ხოლო ხალებად დაყრილი ვარსკვლავები ერთგული მეომრებივით დგანან სიმშვიდის სადარაჯოზე...
მეოცნებე სულები ერთიანდებიან უხილავი ძაფით,მძივებად აწყობენ სურვილებს და ელოდებიან მარგალიტისფერი ლოტოტრონის გათამაშებას.
მაშინ,დინჯად მბრუნავ ბურთს,ზღვის ქაფქაფა ბუშტებივით ვაფენ უტოპიას,სადაც არ ხარ დროში აცდენილი,უსუსური,მერყევი ბუნების ადამიანი და ღირსეულად ტოვებ ფიტულად ქცეულ წარსულს...
როდესაც ცისკრის ვარსკვალვი მინიშნებასავით აციმციმდება,რეალობისგან გამოქცეული კარს ვუღებ იისფერ სამყაროს.ვხურავ გულუბრყვილოდ წამწამებს.ვუჩინარდები უსასრულობაში,მაშინ ყოველი ბანალურობა წყვეტს არსებობას და მე არ მაქვს სქესი,არც ასაკი,მხოლოდ სიმშვიდე-ღვთიური.თვალებში მენთება უქრობი სანთლები.
ლოტოტრონის ბილეთი კი ბედს ანახებს სიზმრებს.იხატება იღბლიანი დასაწყისი,ან უბრალოდ ვწყვეტ თამაშს.

შორს,კედელთან ჯაშუშად დარჩენილი ყურმილი გულისშმაწუხებლად აგრძელებს გველებად დაკლაკნილი ძარღვების როკვას...

გათენდა!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი