სულში ხეტიალით


მთვარე მემალება, თითქოს უკარება
თუმც გზას მიკვალავდა გუშინ მეგობარი
ახლა მიტოვებულ ბილიკს ვეკარგები,
ახლა ჩრდილებია ჩემი წინამძღვარი.
ღამე უსასრულო, ტიალი ღმერთამდე
სული მეურჩება, თვალნი მებინდვიან
ყელს გამოვჩრი კიდევ ერთ უძილო ღამეს
მერე კი ცოდვები არამც შეგინდიათ.
ღამე უპატრონო - გზებიც კი აებნა
მთვარესაც თოვლიანი მთების გადაღმა
ჩემგან წასულს კი თუნდ წილად მხვდეს წამება
სულის, აღარ დავეძებ... ასე დანაღმა
გული ჩემი თავის დროს უმანკო ბავშვის
ფერისცვალებამ სულის, გაცვეთამ რწმენის
ბოლო ნაკვალევს თოვლიც უთუოდ წაშლის
და მაინც უფლისადმი ღალატი მეწვის.
სულში ხეტიალით ვეძებ საკუთარ ,,მე"-ს
სისხლით ძალად ვაცლი რწმენას ნაპოვნ ეკლებს,
რადგან რომც გავექცე თუნდაც თვით უკვდავ ღმერთს 
მაინც უფალია ისევ ჩემი მეკვლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი