გაზაფხული შემოდგომაზე


ამინდს მდუმარეს, მიცვალებულს მზე დაფერფლილი
ქარიც გადაღლილი ხატავდა უფერო ფანქრით
კრთოდა, იწვა შემოდგომა ფოთოლდაცვენილი
ოქტომბრის ბილიკს მინდობილი ლოდინით ზამთრის.

ვგავდი მარტოობით შეფოთლილ ხეებს უფოთლოს
შემომჩვეოდა დამთრგუნველი წუხილი, დარდი
და სანამ ქარი უკანასკნელს მოწყვეტდა ფოთოლს
ნაცრისფერ ბაღიდან შევნიშნე ღიმილი ვარდის.

გადავივიწყე შემოდგომა მეტად ზამთარიც
თითქოს ამინდიც შეიცვალა, არ გაყვა ავდარს
გალაკტიონის გრძნობა მეცნო ეშხით გამთბარი:
,,ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არ გავდა”.

მივხვდი სულ სხვაა გაზაფხული შემოდგომაზე
თოვას ელი და დაგასველებს წვიმა მაისის,
თუ ბედისწერა მართლაც მეფობს წერით ტრფობაზე
ისევ დავწერ და მონატრებაც ლექსად გაისმის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი