ქაოსი


თუ იანვრის სუსხიან ღამეს
შეუძლიათ ყლორტებს 
კვირტების გამოღება და მცდელობა, 
იყვავილონ, 
მაშინ ვფიქრობ , 
გაზაფხული არასოდეს დადგება, 
რადგან იგი დაკარგავს საჭიროებას 
და დაიბადება სრული სიმშვენიერე .  
მთელი მისტიურობით იფეთქებს  სურნელი, 
რომელსაც შობს გაურკვევლობა 
და მოიშორებს როგორც უკანონო შვილს, 
ჩასახულს სასოწარკვეთილებისას.  
და შენ გამოიტირებ  მასაც, 
შენს თებერვალთან ერთად, 
როგორც მაშინ , 
სიყვარულისგან  გულშეხუთული, 
შენი ხელი რომ ეჭირა, 
წვიმისგან დასაცავად 
თავის  თბილ ხელებში მოქცეული. 

                                               * * *
          
ის გაიცინებს, რომ მიზანი მიღწეულია. 
და შენ დამარცხდი-
საკუთარ თავთან.
                             
                                               * * *

     და თუ ქარებსაც გადაურჩები, 
ქარაფებიდან ჩამოვარდნილი სხეულის მსგავსად, 
შენც მის  გრძნობებთან დაცემული 
შეიხსნი ყელზე შემოჭერილ ყველა სიმშვიდეს,  
ყველა ბორკილი დაიმსხვრება , 
კვრაცხლბეკიდან შეწირული წლები ჩამოვლენ,  
ყვირილით აღსდგებიან და დაინახავ, რომ 
ამაო ყოფილა,
თურმე, 
ყველა თმენა 
და უსიტყვოდ განცდილი ყველა ტკივილი, 
აქამდე რომ სხეულს გიჭამდა.  
ჭამდა მდუმარედ და ვერ ძღებოდა. 
შენ კი სისხლისგან იცლებოდი 
ნატვრად ქცეული, 
მხსნელის იმედად.  
გასაგებად ამბობდნენ დღეები, 
რომ თითოეული უკანასკნელი იყო, 
რადგან ნიშანი არ არსებობდა 
გათენების.

                                            * * * 
    იტოტებოდა ხე უნაყოფო, 
იტოტებოდა და ლამის ცას სწვდებოდა. 
ღრუბლებს მიღმა ოცნებები თვლემდნენ მიწაზე -
მღვრიე მორევში მოტივტივე ხის კუნძის მსგავსად 
და ლპებოდნენ . 
გაშმაგებული დაეძებდა ნისლი გასასვლელს 
გასაფანტად. 
და შავ ბურუსში გახვეული ქალაქის ქუჩებს, 
სურნელი მაინც შერჩენოდა მათი.

                                              * * *
    გზას აცდენილი მოზარდის მსგავსად, 
ბობოქრობდა სოფლის მდინარე.
ეხეთქებოდა ნაპირებს.
 ალბათ ფიქრობდა , 
რომ არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება.  
და გადებული ხიდი, აწმყოსა და მომავალს შორის, 
ირწეოდა საბედისწეროდ, 
მასზედ გამვლელ მგზავრს 
გადასროლას რომ უქადდა უფსკრულისაკენ.

                                             * * * 
     მოდიოდა იგი, 
აღვსილი ვნებითა და გაურკვევლობით. 
მოდიოდა და არავინ უწყის ზრახვები მისი, 
თუმცა მაცდურად, 
თავბრუდამხვევი სიყვარულითა და 
მოსალოდნელი იმედგაცრუებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი