* * * გაზაფხული ტანს გეცვა და


გაზაფხული ტანს გეცვა და
მოტმასნილი ხავერდი.
ხელი ჰკარი წინ აშოტილ
სევდის სვეტს და წახვედი.
ისე სწრაფად აშრიალდი,
მიიჩქარი საითკენ. 
თითქოს აღარ გელოდება 
სიმშვიდე და სამიზნედ
გაგიხდია ჩემი გული,
მარტოობას მიმზადებ.
არაფერი გამოგივა.
არაფერი მტკივა მე,
სანამ კართან შემოდგომის
ფოთლებს კრეფას დავუწყებ,
შენ კაბაზე ამოქარგულ
გაზაფხულებს მაუწყებ.
მოფრენილან ბეღურები
უკვე თბილი ქვეყნიდან.
რა გინდოდა,რას მერჩოდი. 
აღადგინე მკვდრეთიდან 
ასე უკვე მიმალული
ყველა ფიქრი თავიდან.
ასე საით მიიჩქარი
გადმოსული ზღაპრიდან.
ტანთ ჩაგიცვამს გაზაფხული,
მოტმასნილი ხავერდი.
გეძახე და ვერ გაგონე,
გაბუტული წახვედი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი