ნუ დაბრმავდები


აიმრიზა. გაიბუტა. განა იმიტომ , რომ ეწყინა. შეეშინდა. შეეშინდა  და თავი იმართლა,-„არაფერ შუაში ვარ“.
     რას აეკვიატა ახლა , ამ შუაღამით? მისი განიერი მხრები , დაძარღვული ყელი, მკაცრი გამოხედვა. .. ნეტავ შეძლებს ოდესმე ბავშვივით წრფელი და მშვიდი იყოს?  თუმცა უნახავს მიტოვებული და მარტოსული. მაშინ პრინციპულად მოუნდა ყველა კედელი გაენგრია, მის წინ ატუზულიყო და თავში შეძვრომოდა. ახლა კი როცა ილუზიური სამყარო მისი სურვილების დამაკმაყოფილებელ ცენტრად იქცა , შიშმა მოიცვა. თუ კი ასეთი საამოა ეს შიში,   რატომ თრთის ყველა მის წინაშე?
       მისი განიერი მხრები, დაძარღვული ყელი... წარმოიდგინა როგორ მგზნებარედ ჩქეფდა სისხლი მის ძარღვებში და შიშმა მოიცვა.შიშმა საკუთარი ფიქრების და სურვილების. ზის და თვალს არ აშორებს. ხმას არც კი იღებს. ჰო, არაფერს იტყვის. გადაწყვეტილებაში თავისუფალია. რა ემართება? 
    “ -გეყოფა. ასე ნუ მიყურებ,” -ხელის აქნევით გაჭრა მისი აჩრდილი და სცადა დაეხშო ფიქრები მასზე. 
     ფანჯარა გამოაღო. საღამოს რბოლა გაემართათ. მანქანები ერთმანეთის მიყოლებით ხმაურით მიქროდნენ ქუჩის გადაღმა გზატკეცილზე. 
      აი გასაღებიც. 
      თითქოს საკუთარი უბედურების რბოლაში იყო ჩართული საკუთარ თავთან და ფინიშამდე მისვლა თითქმის შეუძლებელი. რისკი იყო გამარჯვება.  მაინც ცდის.
    არა, სისულელეა. 
    მისი განიერი მხრები ... ნუთუ სხვა არაფერია მოსაწონი მასში? 
     უბრალოდ, ვერც კი ბედავს სხვაგან შეხედვას. თვალებში ვერც კი უყრებს. ყველაფერს მიხვდება. მიხვდება რომ მის წინ სულელი ქალია. სულელი არ ყოფილა. ახლა გასულელდა. ზოგჯერ დამღლელია გამუდმებით ძლიერად ყოფნა. უნდა მის განიერ მხრებს მიბმულმა ძლიერმა ხელებმა  მოხვიოს და გულში ჩაიკრას, თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა. ვერავითარი კატაკლიზმური მოვლენები აიძულებს ხელი გააშვებინოს. თითქოს აქ მყუდრო და მშვიდი თავშესაფარია. 
    ღმერთო... ერთი შეხებაც და დაიფერფლება, გაცამტვერდება. 
    სისულელეა... ატომური ბომბივით აფეთქდება გული .ვეღარ გადაიტანს კიდევ ერთ მსხვერპლშეწირვას. გულის ტკენა გარდაუვალია. იცის და თითქოს თანახმაა ყულფში თავი გაუყაროს საკუთარი ნებით. ოხ ეს გამოხედვა. მისი ხმა...   ავისმომასწავლებლად ტკბილი და საამო.გამოიგლოვებს საკუთარ კლდემამოსილებას და თავს მისცემს უფლებას მღვრიე მორევში გადაეშვას.რომელ ნაპირს მიახეთქებს უცნობია. ვერცერთი ძვალი გადაურჩება დაუმსხვრეველი ამ ღვარცოფს. ძვლების ტკივილს აიტანს. სულია მთავარი. სულის ტკივილი აშინებს და მაინც...       
      “ ნუ დაბრმავდები. 
       იბადებიან ადამიანები, იმთავითვე განწირულები - მარტოობისთის. არავის შეუძლია შეგიყვაროს ისე, შენ რომ შეგიძლია და გინდა.”
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი