ღამის შუქნიშანი


მიყვარხარ,
როგორც ჭაში ჩავარდნილ კაცს -
ზეცის ნაჭერი.

(მწვანე)

ახლა შენს არმოსვლებს არც ისე მარტივად
შევხედე და როგორც ჟირაფის კისერი,
ფიქრი დაგიხარე. ხერხემალს დაიმტვრევ
და ბლანტი სისხლი რომ გაჟონავს, ისე ვარ.
შუადღის სხეული ჩალურჯდა გვამივით -
დაღამდა. ასეთ დროს, მიყვარს გარეუბნის
ქუჩაში სახლიდან გამოსვლა გვიანი
მგზავრივით, უკან თუ რაიმე მაბრუნებს,
მით უფრო, როდესაც ქარები თიბავენ
წვიმას, მე გუბეში მივტოპავ ხეებთან
და ტანზე ისე მსურს შეგახო თითები,
პატარა ბავშვი რომ პირველ თოვლს ეხება.

(ყვითელი)

ქარმა ხშირად იცის ასე სიარული,
შენი მოლოდინის მსგავსად,
დამიჯერე,
რომ ეს უსახლკარო ბავშვის სურვილია,
ვინმემ დაუძახოს თბილი ფანჯრებიდან.
მე კი მღვიმეების კედლის ბიზონივით
დავრჩი სველ ქალაქში,
ჩემი ანარეკლი
მოჩანს გუბეში და წვიმის სეზონები
ისე გაიწელა, ჯოხით გადავრეკავ
ღრუბლებს შენი ციდან, სადღაც, დასავლეთით,
თბილი ქვეყნებისკენ.
დრო კი მონოტონურ
წუთებს მიაბიჯებს.
წვიმს და დასველება
მინდა მიწასავით,
ისე მენატრები.


(წითელი)

ეს დღე იქნება გამოჭრილი,
ყალბი პიასტრი,
თუ არ მოხვალ და მხარზე დაღლილ სულს არ მომადებ.
შენს ტანს შევხედე,
რომ თვალები შემომემტვრია
და შემდეგ, როგორც მწყურვალს - წყალი,
ისე მომინდი.
ქვას ჩაეზრდება პურის თუნდაც ერთი მარცვალი,
ამ სიყვარულით,
ახლა რომ გწერ.
ვტოვებ ხელკავებს 
წინათგრძნობასთან -
დაბრუნდები, ან შენს სანაცვლოდ
მოვლენ ჩიტები და სველ ღამეს ამიკენკავენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი