ქაღალდის ნავი
რა გინდა, თორნიკე, ზუსტად გაარკვიე, ფურცელზე ჩამოწერე და წაიკითხე ზემოდან-ქვემოთ, ქვემოდან-ზემოთ. მეტი არაფერი, რომ არ აგისრულდება, კარგად იცი. ყველა ძაღლი გარეთ გაყარეს უამინდობის გამო. მიდიხარ გზაზე, გუბესთან აკეთებ ქაღალდის ნავს, ჯდები ნავში, უსვამ ნიჩბებს - ხელებს, გადადიხარ მეორე ნაპირზე. ოთხი წლის მანძილზე აკვირდები მანეკენივით მდგარ მოხუცს გაწვდილი ხელით, რომელიც ბრმაა, რომელიც ატარებს ოპტიკურ სათვალეს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებმა დაინახონ მისი უსინათლო უპეები და მიხვდნენ, რომ შორსმხედველები არიან სხვის საქმეში... დღეს გაიგე მეზობლის სიკვდილის ამბავი, მიზეზი - გულის გაჩერება. აუყევი კიბეს, ჩამოდიოდნენ სხვები სიცილით, ყოფითი ჭიჭყინით, ჩურჩულით და პირველი რაც გაიფიქრე: ამათი გული არც არასდროს ფეთქავდა. მიდიხარ სამსახურში, სადაც ხშირად საუბრობენ დოლარის კურსის მატებაზე. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს! ბევრს ეწევი, აი, ახლაც... ჯიბეში - ხურდა იაფფასიანი სიგარეტისთვის. მოდიხარ სახლში, კარი არ არის ჩარაზული, ანუ გელოდებიან. არც შენ ჩაკეტავ - დაუცდი ერთს, რომელზეც გეუბნებიან: "მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს"... ჰოდა, შენ ზუსტად მის მოსვლამდე გტკივა. შიზოფრენიით დაავადებულებს, ფსიქოპატებს, მანიაკებს, მკვლელებს, მთვარეულებს შორის შენ ყველაზე საღად მოაზროვნე ხარ, მაგრამ არა - ნორმალური. რა გინდა, თორნიკე, ვერასოდეს გაარკვევ. აიღე სუფთა ფურცელი და წაიკითხე ზემოდან-ქვემოთ, ქვემოდან-ზემოთ. მეტი არაფერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი