ჩემი სამწუხარო მეგობრები
„იმიტომ კი არა, რომ შეყვარებული ხარ, იმიტომ რომ გული გაგიცივდა, შემოაბრუნე ბუნებისკენ, ხალხისკენ პირი“. ბესიკ ხარანაული 1 ცხოვრება მაშინ კარგად მოხდა; სოფლის ბინასთან და ტყესთან ახლოს, ლიანდაგები, რომლებზეც უკვე არ ჩაივლიდა მატარებელი, ბალახს უცდიდნენ. მე ვიწექი ამომშრალ ტბორში, ვუყურებდი ლურჯ კოსმოსს, სადღაც მოძრაობდა შორი პლანეტა და სივრცეში იკარგებოდა. ვინც აღარაფერს გრძნობენ სხვებისას, აღარც საკუთარს, ასე ხედავენ დაშვებულ ქვებს და ბელტებს მიწის. 2 როცა რძესავით აიჭრება ყველა ტკივილი, დრო კი წაიღებს აწმყოს, თითქოს ცრემლს ჩაიბრუნებს, რა იქნება აუტანელი; ცოცხლების, თუ მკვდრების დუმილი?!. 3 საოცარია, როგორ ხდება, ტემპერატურით სინათლით და ტენით თანაბარ ოთახში გრძნობენ ყვავილები: შემოდგომაა... დაუშვებენ ფოთლებს, ჭკნებიან. გეგონება, ქუჩაში იდგნენ და ზაფხულის მრუმე სიცხის საღამოებში მათ ფესვებთანაც ვაქცევდით თბილ ლუდს, ან როგორაა, რომ ეს უფორმო, ვერარსებული სიყვარული მონატრებაა?!. როგორც კოსმოსი ვერ ივიწყებს თავის პლანეტებს, რაც არ იყო, ის ისევ მახსოვს; თითქოს ოდესღაც ხალხთან ერთად ვცხოვრობდი დიდხანს, თითქოს დღემდე ასე გრძელდება, მარტოობა კი საიდანღაც გამოვიგონე. 4 რაც დანარჩენთან დაგაკავშირებს: ტექნიკის, ან ხუთივე გრძნობის, მისწრაფებების, იმედების, სიხარულის და ცრემლის გარეშე, როდესაც ცხოვრობ მარტოკაცად სოფლის ბინაში, სულ ყველაფრისგან გამიზნულად დაშორებული, რატომ ხდება, რომ ვიღაც გადის შენი ტანიდან და მაინც უხმობს ადამიანებს?!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი