სიზმრისპირული


არ დავკარგო ადამიანი,
შეიძლება სადღაც დამჭირდეს.

ჩემო უკვე მდგარო დღეებო,
მომავლისაკენ
გაიწიეთ და სხვებს უთხარით:
ვერ მივალ მათთან;
დღეებთან, სადაც შემიძლია ნამდვილი ვიყო,
სადაც ნაკლებად დაიშვება შემხვდეს სიკვდილი,
ან სიყვარული, - ამდენად მსუყე.
დღეებში, სადაც თუნდაც ერთ კენჭს ადგილს ვერ ვუცვლი.

მე ვიწყებ წერას. შენი ხმიდან ვიწყებ. სიცხეა.
ზაფხული. ზღვაა. ქალაქია ზღვისპირა. სახლი - 
ბანაკი. კარგი ნაცნობები (სასიხარულოდ)
არც თუ ნაკლებად მსიამოვნებს, ვზივარ და ხელებს
ჩავკიდებ ხელზე უცნობს (მხოლოდ) ჯერ კიდევ ასეთ
საქმეებისთვის, და ვსაუბრობ, ვიგონებ, ვამბობ
სიმართლეს, უფრო მეტად მისთვის მისაღებ ტყუილს -
საქმეებს ჩემსას. ზაფხულია. ზღვისპირი. შაბის
ფერი აქვს ღრუბლებს, მძიმე ღრუბლებს, - ქალაქის ზემოთ.
და არ წვიმს, - ვხედავ. ვეღარ ვხედავ. ვერ ვსუნთქავ. ვწვები.
ავდგები ისევ. სიგიჟეა. სიცხეა. ამ დროს
არ იბადება, როგორც წესი, ისეთი ლექსი,
ღირდეს ჩაწერად, არჩაწერად ღირდეს, თუ გინდა.

ვდგები მე შენი სხეულიდან. შენს ნიჟარაში
მებადურების სიტყვებია, ფიქრები, ლოცვა,
გინებაც მათი. ისე ვდგები, წყალმა რომ ქვიშის
ნაპირზე იცის; მოიქცევა, შემოდის, ცოცავს
ნავები, ძველი სამფანები ნაპირებისკენ.

ვიწყებ გალობას შენი ღმერთის ტაძრიდან, შენი
ანგელოზების ფრთების ხმიდან ვშრიალებ ისე, 
როგორც მიწისქვეშ, სიღრმეებში გაივლის ქანებს,
დაიწმინდება, გაცივდება და მერე შესვამ,
ან ნაკვალევში პლანეტების მოწყვეტას, ქრობას
ირეკლავს წყალი, წვეთზე მეტი წყალი და რჩება 
დიდი ხნით, ვიდრე ის პლანეტა. და მიკვირს. ქარი
არ უნდა ქროდეს, ამ დროს თითქოს კარგი ჩანს სიცხე
და ზღვისპირ ქალაქს შეფენილი ღრუბლების ტილო.
სურვილი: ახლა, ცხოვრებიდან - ყოფიდან მხეცი
გამივიყვანო და ღორების მშიერი კოლტი
გავუშვა ჩემი ბნელი სულის ქიმიდან დაბლა.

ვიწყებ სიმღერას შენი სიზმრის მღვიმიდან, ასე
მე გადავდივარ სინათლისკენ და ვიდრე ბოლო
ნაბიჯით მზისკენ ავიწევი, კედლებზე - ქვაზე
ხელს ვუსვამ ხოლმე ჩემს ბიზონებს, ტახებს და თვალი
დგება თვალის წილ საკუთარის. ჩემი სიმღერა
ამდენად უფრო მაღალია და შენთან ახლო.

მე ვიწვდი ნერვებს შენკენ, როგორც მიწა - ყვავილებს.

ვამბობ:
არ დავკარგო ადამიანი,
შეიძლება რომ მას დავჭირდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
.....7 წლის წინ

ამ ყველაფერ შენ წერ?!

.....7 წლის წინ

ამ ყველაფერს შენ წერ?!

დიახ, თორნიკეს ლექსებია :)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი