შემოდგომის ლეგენდა
შემოდგომის ლეგენდა (ისუნთქე, რაც არ უნდა მოხდეს ისუნთქე) ვიღებ კალამს და ვცდილბ დავიწყო წერა იმაზე,თუ როგორ გადავსახლდი უმამოთა სამყაროში,თუმცა როგორც პეშვში ჩაგუბებული წყალი იღვრება წამებში,ისე მეფანტებიან აზრები. მისხლტებიან და ოქტომბრის ცივ დღეს ჩემს ფანჯარასთან წვიმის წვეთებს უერთდებიან. რისთვის ვწერ? იმისთვის,რომ დავიჯერო ყველაფერი,რაც მოხდა,თორემ დღემდე მგონია რომ ცუდ სიზმარში ვარ და წუთი წუთზე ველი გამოღვიძებას... თბილისიდან მშობლიურ კუთხეში დაბრუნებულს ყველაფერი ძველებურად დამხვდა. როგორც ყოველთვის,გზად რამდენიმე მეზობელი შემხვდა უკვე ტრადიციული კითხვით: დედაქალაქში რა ხდება, ხო მშვიდობააო. ჩემი ეზო მწვანეა,ირგვლივ ვაშლისა და ბაღნარის სუნი ტრიალებს. ჩემი სახლის კედლებსაც აქვთ სუნი. მონატრების სუნი. პირველმა კვირამ უდარდელად ჩაიარა. მახსოვს,გეფიცებით მახსოვს, ოთხშაბათი იყო. შებინდდა,გულიანად ვიცინეთ. მამა თავს შეუძლოდ გრძნობდა,თუმცა მთელი საღამო ჩვენთან ერთად გაატარა. იმ ღამეს უცნაური რამ მესიზმრა: ძაღლებით ვიყავი გარჩემორტყმული. ვყვიროდი,მაგრამ სიტყვებს სივრცე აპობდა და ისინი ჟღერადობას კარგავდნენ.ირგვლივ მხოლოდ გამაყრუებელი ყეფა ისმოდა. მალევე წავიქეცი და ძაღლებმა გლეჯვა დამიწყეს. გაღიზიანებულმა გავიღვიძე და უეცრად მძიმე სუნთქვა მომესმა. შეშინებული წამოვხტი და სინათლისკენ გავიქეცი. ნანახმა შიში გამიორმაგა: მამა ძირს ეგდო,ხროტინებდა და ოფლში ცურავდა. არ მახსოვს,როგორ გათენდა. მეორე დღეს ძალიან დაცხა. ისე ძალიან, რომ მას ისევ გაუჭირდა სუნთქვა. მთელი დღე ვცდილობდით ესუნთქა და გვესუნთქა ჩვენც. საღამოს გაწვიმდა. ჰაერში ბალახისა და მიწის სუნი დატრიალდა. სახლში მარტო ვიყავი და ამჯერად მე ვცილობდი მესუნთქა.უნდა ისუნთქო, ღრმად და თანაბრად. როდესაც სუნთქვას წყვეტ,აზრი წყდება.მე კი მჭირდება გავიაზრო ის,რაც ხდება.მახსოვს სასწრაფო დახმარების მანქანა, დედას გაოგნებული სახე და სიტყვები: ,,მეტასტაზები მთელს ორგანიზმში’’ დღითიდღე სუსტდება. დამამცირებლად იტანჯება. გაუსაძლისად. ისე,რომ მეც ვგრძნობ მის ტკივილს. დღეები უსაშველოდ იწელება. ღამეებიც. სიზმრები მოსვენებას არ მაძლევენ. ვზივარ და ვუყურებ როგორ ასრულებს სიცოცხლეს და როგორ უახლოვდება რაღაც შეუცნობელს. იცით რა არის კიბო? სიკვდილია,რომელიც ნელა გჭამს,ტუჩემს გილურჯებს,ტანს გიყვითლებს და ჩანასახივით გკრუნჩხავს. ხვნეშა, კანკალი,ჩემი საშინელი სიზმრები-თითქმის მორჩა. მამა ის აღარ არის,ვინც იყო. ვუყურებ და ვერ ვცნობ. ვუყურებ და არ მომწონს. ეს ის კაცი აღარ არის,რომელსაც საოცარი ჭაობისფერი თვალები ჰქონდა. ის აღარ არის,ვისი სიგარეტის სუნით გაჟღენთილი თითები მიყვარდა ბავშვობაში, თმაში რომ შემიცურდებოდნენ და ნაზად მეფერებოდნენ. ეს გაშავებული ვენები მის კისერზე.ეს გაყინული ტერფები. ვუყურებ და ვერ აღვიქვამ, ვუყურებ და სიმწრისგან ვხარხარებ. ისუნთქე! უნდა ისუნთქო,რომ აზრვნების უნარი არ დაკარგო. ახლა შემოგომაა. ჩემი და მამას საყვარელი დრო. მე ისევ ვსეირნობ დამჭკნარ ფოთლებში.ის ვეღარ.ჩემს სხეულში შემოჭრილი ტკივილი იმდენად წამიერია,შეგძნებასაც ვერ ვასწრებ ისე ქრება და მიტოვებს სიცარიელეს. იცით რა არის სიცარიელე? ის გცვეთს და გთელავს. ახლა შემოდგომაა,ჩემი პირველი შემოდგომა საყვარელი კაცის გარეშე.ჩემი შემოდგომა ასეთი სიმარტოვით. შემდეგ ოქტომბერს მე ვიტყვი,რომ მონატრება უსასტიკესია გრძნობათა შორის.მამა ვერაფერს ვერ იტყვის. წლების შემდეგ,მე მოვუყვები ჩემს შვილებს უმამოთა სამყაროში გატარებულ ჩემს პირველ ნოემბერზე და ვიცი,მათთვის ლეგენდა ჩემზე,მასზე და შემოდგომაზე,გახდება ყველაზე საყვარელი ამბავი.მერე რაა რომ მამა კვლავ ვერაფერს იტყვის... ვერა აბაზოვა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი