ფერიცვალება


გალაკტიონის გარდაცვალებიდან
60 წლისთავზე

იმ დღეს წამთვლიმა, ხიდზე ჩამომჯდარს,
მტკვრის ნაცვლად უცებ გაჩნდა რიონი,
მერე რიონზე ქრისტე გამოჩნდა,
მის გვერდით კიდე — გალაკტიონი.

რა მეპასუხა მეტყოდა ვერც ვინ,
პოეტი ხარო? — როდესაც მკითხა,
ბედად, წყალუხვი რიონი შევსვი,
შემაძლებინა მე ამან კითხვა...

ამ გალაქტიკის მთავარ ხიდიდან
გალაკტიონი, მზერით მეოხით,
დადუმებული, თავს დამიხრიდა
და ვგრძნობდი ყოფნას იქვე მეოთხის.

მოექცეოდა მტკვრად რიონი და
რიონდებოდა მტკვარი ისევლე
და ამ ორ შორის, აქ ჩვენ ორიდან
ორივეს ლურჯი გვეცვა სისველე.

სხეულზე მფენდა იისფერ თოვლს და
ცაზე ღრუბლები, იასამნებად,
დამარწმუნებდნენ, რომ იყო მოსვლა
და გარდაცვლილი ფერისცვალება.

მისმენდა, თითქოს მარცვლებს დათვლიდა,
გაფიქრებაც ვერ წარმომედგინა,
რომ წყალუხვ რიონს სავსე ქაფიდან
უნდა ეშვა და წამოეგმინა.

ყველა შიშისგან ერთად განივთდა
სული, გავსილი ზღვით და ელვათი,
ვხედავდი გელათს მამადავითად,
მამადავითად ჩანდა გელათი.

მოექცეოდა მტკვრად რიონი და
რიონდებოდა მტკვარი ისევლე...
ღმერთკაცი იყო გალაკტიონი
და ღმერთთან ერთად ჩამოვისვენე.

ლეგა ღრუბლებად ლურჯა ცხენები,
ძალით ქარების, ფაფარაშლილი,
იქით მიქროდნენ, ჭენებ-ჭენებით,
სადაც მერანი ბარათაშვილის.

აღარ ეძინა ცას, სულშეხუთულს,
ამ ცხოვრებაში რაც კი მოგვსვლია,
ვყვებოდით, ვგრძნობდი ასე მეხუთის
ყოფნას — ნაპირზე იდგა ზოზიაც.

აღარ მჯეროდა, რომ მტკვარ-რიონში
მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით იმ წამს,
მე გამეღვიძა გალაკტიონში
და მტკვარ-რიონში ტერენტი იწვა.

მოექცეოდა მტკვრად რიონი და
რიონდებოდა მტკვარი ისევლე...
ღმერთკაცი იყო გალაკტიონი
და ღმერთთან ერთად ჩამოვისვენე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი