უნდა დავლიო


უნდა დავლიო, ჩემო ძმაო კიდევ დამისხი...
და ამ ფიალით სადღეგრძელოს ლექსებად გეტყვი,
რადგან ცხოვრება ისე წავა, ისე გაივლის,
არაფერი არ შეგვრჩება ძმობაზე მეტი.

დამისხი კიდევ დაგილოცო ქართული სისხლი,
ქართული გენი და უკვდავი ქართული ენა...
უდრეკი მთები შემოსილან ღრუბელთა ნისლით,
და როგორ მინდა მთების გარშემო შემეძლოს ფრენა.

ყანწს გადმოგაწვდი, შენთანავარ მე ალავერდი...
სიტყვა დამწიე, არ გაბედო ღვინის დარჩენა...
მერე ფენდურზე ერთხელ ტკბილად ამიმღერდი და,
ღვინის დამწურავს დავულოცოთ ნაჯაფი მარჯვენა.

სუფრა დავლოცოთ მადლიანი,
ქართული წესი...
მშვიდობა გვქონდეს... 
ბედნიერად ნათენი დილა,
იმ გმირებისა... არ დატოვო, ბოლომდე შესვი,
მუხლ მოდრეკილნი სალოცავთან მრავალჯერ მივალთ.

ზვარაკს შევწირავთ, წინაპართაგან როგორცა მოგვდევს...
და ქედს მოვიხრით უფლის წინაშე, 
ჩვენი ვალია.
ღმერთმა ახაროს საქართველო,
წყალობა გვქონდეს...
გამოვასწოროთ, 
თუკი აქამდე რამ გვინანია.

ჩემი სამშობლო დაილოცოს, 
ღმერთებთა მიწა...
იქნებ გვეშველოს და ტკივილები კვლავ დაგვიამდეს...
მოვტირივართ მთელს ისტორიას, ძარღვებით ვიცავთ...
უფალს შევთხოვოთ, ეს საქართველო რომ გამთლიანდეს.

(თორნიკე ინაშვილს)
 
ვ.ჯანგველაძე
22.02.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი