წუთისოფელი


შუაღამეა, სოფელს ისევ მკვდრის ძილით სძინავს...
უკუნით ღამეს მოქუფრული ღრუბლები ჭარბობს,
ნაპირა სახლში უდღეურის მოისმის გმინვა...
ორღობეს შორის ფეხაკრეფით ვიღაცა ჩქარობს.

გაყინულ მიწას ნაბიჯების გააქვს ხმაური,
გმინვა არ წყდება, წუთი არის, წუთისოფელი...
ვაი ბედ-ნაკლულს დასტყდომია აურზაური,
რა ძვირფასია მისთვის ახლა წუთი-ყოველი.

სადღაც შორიდან, ძაღლის ყეფის მოისმის ექო...
ქარი თავხედობს, მოუცვია ირგვლივ ყოველი,
ტყეში გუგუნი მოთარეშეს თითქოს არ ეყო
და ისე დაწრწის გააღვიძოს უნდა სოფელი.

აქა-იქ სახლის საკვამური შავდება ისევ...
ზოგს მშვიდად სძინავს, მოსვენება არ დაუკარგავს,
ზოგი უძილო გაჭირვებას ფიქრებით ივსებს...
მთვარეულივით შუაღამე კვლავ დაულანდავს.

ფეხის ხმაური მატულობდა ორღობეს შორის,
წიოდა ქარი, გამეტებით ჰკვეთდა კამარებს...
რიჟრაჟზე ტყიდან გაჩეხვის ხმა ისმოდა მორის,
უკუნეთ ღრუბლებს გამთენია დაასამარებს.

ფეხის ხმაც შეწყდა, გადათეთრდა ისევ ცისკარი,
მამლის ყივილზე გაიყუჩა ყველა გოდება...
ნაპირა სახლის გაღებული დიდი ჭიშკარი,
სამგლოვიაროდ სამეზობლო ხალხს ელოდება.

/ვ.ჯანგველაძე/30.10.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი