მოგონებებში


იყო ნოემბერი.
შემოდგომა ნელ-ნელა გვემშვიდობებოდა 
და ცივი ზამთრის სუსხიანი დღეები აღებდა კარებს.
რაც უფრო ზამთრდებოდა, საკუთარ თავში ვიკეტებოდი და გაზაფხულზე ფიქრები მათოვდა გულში.
ჩვენი პირველი შეხვედრა...
შენ ისე მიაქროლებდი მანქანას, როგორც საომრად გამზადებული მეომარი თავის რაშს...
ისე სწრაფად იცვლებოდა ციფრები საათზე, დროს ვერ ვამჩნევდი.
ჩემი ცხოვრება შენსკენ მოდიოდა და ერწყმოდა სული სულს, გული გულს.
ლოყებზე სიწითლე დამთამაშებდა...
ვერ შევამჩნიე როდის გაჩერდა შენი ,,მერანი",
იმ წამს მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში,
შენ, შენ, შენ იყავი ჩემი ფიქრების უცვლელი ღმერთი.
მახსოვს შენი მტევნების სიძლიერემ როგორ დამჩრდილა და შემანელა
და მე ვერ ვთქვი უარი, მიუხედავად იმისა, 
რომ შენ არც გიკითხავს ჩემთვის რაიმე...
ყველაფერი სახეზე გეწერა,
ჭროღა თვალები საუბრობდნენ, ბაგენი არა...
მე მაშინ მივხვდი, თუ რაოდენ ძვირფასი იყავი ჩემთვის,
შენ გაგეცინა, 
ღიმილი შევატყვე შენს მონუშო ტუჩებს.
ჩვენ ჩავეხუტეთ...
ახლაც ასეა...
ნოემბერია.
შემოდგომა გვიხურავს კარს, ირგვლივ ზამთარია..
ყინავს არემარე.
მხოლოდ მე მათბობს ცივი ფიფქები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი