მითხარ, ქარო!
- მითხარ, ქარო! რატომ დაჰქრი? ხეებს ტოტებს რად ულეწავ? მტვერს თვალებში რატომ გვაყრი? დავარცხნილ თმებს რად გვიწეწავ? სიბობოქრეს, გიჯობს, იქცე ისევ ისეთ ნიავქარად; სიცხეში რომ ნატრობს ყველა, სულის, გულის გასახარად! თუ კი გვიშლი თამაშს ბავშვებს, რად გიკვირს, რომ ვბრაზობთ, ვღელავთ; ხომ ხედავ, რომ ვცეკვავთ, ვმღერით, ვხატავთ ცარცით, ბუშტებს ვბერავთ! - ბავშვებო, ნუ მიბრაზდებით, გთხოვთ, მისმინეთ, ჩუმად, წყნარად; ვიცი, გინდათ, რომ კვლავ, ვიქცე თქვენ საყვარელ ნიავქარად. მეც, თქვენსავით ვცელქობ, დავჰქრი, ლაღად ვმღერი: ,,დელი, დელას", ფილტვები მაქვს დაბერილი, და ვუბერავ პირით ყველას. მიყვარს, ძაან, ხის ჩეროში, რომ გაგრილებთ ბავშვებს ტკბილად. მაგრამ მაინც გაგაფრთხილებთ, ითამაშეთ ჩემთან ფრთხილად! ნუღარ გაოფლიანდებით, სახლში წადით, ნუ ხართ გარეთ; დაისვენეთ და გთხოვთ, ამას დაღლილ გულზე წყალს ნუ დალევთ. დღეს, რად დავჰქრი?! ვცდილობ, ციდან ღრუბლები რომ გადავყარო; რათა მზემ, კვლავ გააბრწყინოს, ეს ქვეყანა, ეს სამყარო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი