მელაკუდა სასამართლოზე
- დაიჭირეთ, ეგ მსუნაგი, ამოვიდა, უკვე ყელში. ყოველ ღამით, თავხედურად, მიჭამს ქათმებს საქათმეში. არასოდეს არ ვყოფილვარ, ვფიცავ, კაცო, ასეთ დღეში. მოკლედ, გლეხის საჩივარზე დააკავეს მელა ტყეში. გაიმართა სასამართლო. მისამართლედ დათვი დასვეს. პროკურორად მძიმე სპილო. მერე მელას დაუძახეს. პროკურორმა საქმის დასკვნა სასამართლოს წაუკითხა... - აღიარებ დანაშაულს? - მოსამართლემ მელას ჰკითხა. - რას გაჩუმდი, მელაკუდავ, ამოიღე ენა; განა გუშინ საქათმეში არ იყავი შენა? განა ქათმებს შენ არ ჭამდი ? დიდი გქონდა ლხენა. თან წიწილებს აშინებდი, დაუპირე კბენა. კიდევ კარგი არ შეჭამე, არ გაგიწყრა ზენა. მორჩა, გვეყო , მელაკუდავ, შენგან ,,ჭირთა თმენა" იცი, შენ რა ჩაიდინე? თუ გაქვს წარმოდგენა! - მე, ის მელა არ ვყოფილვარ, - იწყო მელამ ქშენა, - სულტყუილად გაქვთ თქვენ ჩემზე, ძმებო, გულის წყენა. თანაც ისეთი მოწმე მყავს, დამიჯერებთ ყველა. და მელიამ თავის კუდი მოწმედ დაიყენა. თქვენც ხომ იცით, რომ იმ მელას ჩემზე დიდი კუდი აქვს, და რომ სწორედ, იმ მელიას სულ ქათმების სუნი აქვს. განა გუშინ იმ მელიამ არ დაგვიფრთხო შველი? იმედია, ჩემს სიმართლეს, დაამოწმებს მგელი. მგელი მელას დაემოწმა: -სიმართლეა სრული; საქათმეში სხვა მელია იყო შეპარული. ეს მელა კი, სტუმრად მყავდა დაპატიჟებული. უცებ შველი მოიყვანეს აკანკალებული; ცრუ მგელს ფერი შეეცვალა, წაუვიდა გული. მოკლედ მელას სიცრუისთვის მიესაჯა წკეპლები. მაგრამ ისე შეეშინდა, ჩამოსცვივდა ცრემლები. სპილომ, როგორც პროკურორმა შეიწყალა მელა: მარტო მელას რას ვერჩითო, ქათამს ჭამსო ყველა. მოსამართლე დათუნიამ გაისწორა ქუდი. დინჯად დაგმო მელაკუდას საქციელი ცუდი. უთხრა: თუ გსურს, რომ მურიამ, არ მოგჭამოს კუდი; თუ გსურს, რომ არ აგიწკეპლონ ეგ თათები მრუდი, აწი, აღარ უნდა იყო, შენ, ქათმების ქურდი. ხომ გაიგე, წადი ახლა, სოროს დაუბრუნდი! მელამ ბევრი შიში ჭამა განაჩენის ლოდინში. ადგა ყველას ხმის კანკალით, მოუხადა ბოდიში. შეძვრა თავის სოროში და სწრაფად ჩაწვა ლოგინში. იმ დღის მერე მელა თურმე, აღარ სჭამსო ქათამს. შია, მაგრამ სულ იხსენებს, მოსამართლის ნათქვამს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი