მეხანძრე სპილო


სპლიყვი  ვიყავ, გავიზარდე,
სპილო  გავხდი, მაგარი.
არ  დამცინოთ,  ბავშვებო,
არ  დაიწყოთ  ხარხარი.
სახანძროში  ვმუშაობ.
ერთი  კვირა  არც  არი.
რაც  დამნიშნეს  მეხანძრედ.
დღეს, დამეცა  თავზარი.
დამირეკეს, მოდიო,
ჩააქრეო  ხანძარი!
დავიბენი, დავიწყე
აქეთ-იქეთ  ცანცარი.
მანქანაში ჩავჯექი,
ვერაფრით  ვერ  დავძარი.
იქნებ  ფეხით  მივუსწრო,
ფეხით  წავალ  რაც  არი...
ტყეში  გზა  ამერია,
ხელს  მიშლიდა  ნაძვნარი.
გული  ამოვარდნაზე,
ქუსლები  კი, დამსკდარი.
როგორც  იქნა  მივედი,
ხვნეშით, ბანცალ-ბანცალით.
მეგონა, რომ  სახლისგან
დამხვდებოდა  ნაცარი.
ვხედავ, ცხადად, თხის  სახლი
დგას, არ  არის  დამწვარი!
ჩემს  მისვლამდე  თურმე  ხალხს
ჩაუქრია  ხანძარი.
მაგრამ  ყველა  ვინც  დამხვდა
ჩემზე  იყო  გამწყრალი:
,,შენ  რა  მეხანძრე  ხარო,
უნიათო, საწყალი,
სამსახურში  არ  ჩქარობ,
სხვაგან  გიყვარს  წანწალი;
აქვე  დაიჭირეთო"
მოიტანეს  ბაწარი.
თავი ძლივს გავიმართლე,
ასე,  გულის  ფანცქალით:
,,არც მანქანა მივარგა,
არც ,,შლანგი" მაქვს, არც წყალი.
თან მარტო ვარ, ხომ  ხედავთ.
განა  არ  ვარ  მართალი?"
,,ტყის  სახანძროს  უფროსი
დათვი  შესაცვლელია"-
ლომმა  დაიღრიალა:
,,და  თან  დასასჯელია!
ზარალი  კი, სასწრაფოდ
დღესვე  დასათვლელია"
გადაწყვიტეს, დამხმარედ
დამინიშნეს  მელია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
.....7 წლის წინ

ჰაჰაჰა ვაიმეეე საყვარელი და სახალისო ლექსი იყო:დდ თან კარგი რითმა იყო:დ♥♥

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი