მეტირება


ცას მოედო შავი კვამლი, ტყე სრულიად გადამწვარი,

მდინარეში სისხლი ფეთქავს, იძირება მთის აკვანი.

 

სიო დაჰქრის, ნიავს ვერ გრძნობ, ყველაფერი გეჯავრება,

იტანჯები, ეპიზოდი შენს თვალწინ რომ იხატება.

მეტირება ყველაფერი, ივერია მეტირება.

სანთლის შუქთან ცრემლი მომდის,

ლოცვით, დარდით მეტირება,

მუხლმოდრეკილს ტანჯვა მახრჩობს, საქართველო მეტირება.

 

მეტირება მთები, მდელო, მიწა-წყალი მეტირება...

იავნანა, დედის ნანა მეტირება, მენანება,

მტრობა, შური, ჩვენი ხანა მეზიზღება, მეჯავრება.

ჩემი ქვეყნის სახელს ვფიცავ,

ამ ფიქრებშიც მეტირება,

ჩემს ქვეყანას ლოცვით ვიცავ,

ლოცვით, დარდით მეტირება.

 

წინაპრების ერის თასი, ერთობა და ერთგულება,

ის წარსული მეტირება, აწმყოც, ნეტავ, გვეგულება?!

 

ამ ტირილში დრო დავკარგეთ, წლებმა იწყეს მიძინება,

ჩემი ქვეყნის სიყვარულში სუნთქვაც ფუჭად მენანება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი