ყველა ჩემიანს (ხელოვანს)


ლექსი ბევრია, სული აწიოკდა,
ღამე აუჯანყდა მთვარეს,
წუხელ ძველ უბანში ქალი დადიოდა,
მისი დალალები ვთვალე.
არ დამენახვა და ნახვაც არ მიღირდა,
თვალებს ატყუებდა ხედვა,
ისე დავძმაკაცდით მე და სანაპირო,
შვებას მანიჭებდა ღელვა.
სული სარკესავით ორეულს ხედავდა,
დემონი გაიორა იქვე.
აბა, უბრძოლველი, სიკეთის მკეთებელი,
როგორ დავეცემი პირქვე.
ვამბობ, ღვთისმშობელი, ალბათ, განაწყენდა,
აზრი დაეკარგა ლოცვებს,
ან ყველა სუფრაზე დავითის ხსენებას,
დალოცვას ილიას თუ ცოტნეს.
აზრი დაუკარგავს ამად მახსენებელს,
პიარი გაუმართავს ლხინში,
დედის მაგინებლის, საკუთარი დედის,
ნეტავ, ჩამახედა ტვინში!
ამის წამკითხველი ლექსის კრიტიკოსი,
უწოდებს ირონიის პროცესს,
მე კი ყოველი ლექსის დასაწყისში
მინდა სტრიქონები მომრჩეს,
რათა უფრო მეტი გულში ჩავუძახო,
აღარ გაყუჩებულ ცოდვებს,
ბრძოლა წამალია, ვიდრე უბრძოლველად _
ცხოვრებასთან ბრძოლაში მოკვდეს.
ირგვლივ ფანტაზია წამის მეასედში,
მრავალს აიტაცებს საწყისს,
ვფიქრობ, დავამთავრე, უკვე გამოვფხიზლდი,
თუმცა ხელმეორედ მაწვიმს.
ლექსი ბევრია და ბევრი ავტორია,
არ ვარ კრიტიკოსი ამის,
ვისაც რაც უნდა და როგორც უნდა _ წეროს,
ცხოვრება ყველაფერს განსჯის.
დრო თუ გამექცევა, ან დროს თუ გავექცევი,
ერთია პრინციპის არსი,
ჩემში თავმდაბალი ყველა პოეტია,
და არა ნიჭიერი ფარსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი