ინანას აპოთეოზი...


ახლა ამ იანვრის ურჩი სუსხი გეუხეშება, 
თეთრ კაბას გისვრის ზედ დაყრილი მიწა-მხრცოვანი. 
წახველ იქ, სადაც სიჩუმეც ბორგავს
და სიმშვიდემაც ვერსად ჰპოვა თავისი ფანდი. 

მაგ შენი ციდან აბსტრაქტული ცრემლი იღვრება
და შენი ხეებიც იყინება აფილიათი.
მე დოგმატურად რომ მაქციე შენს პოეტესად, 
სხვამ მაპატიოს, თუ ვიძირები აპათიაში. 

და მე რომ ვიწვი შენი სულის აპოთეოსით, 
ეს ხომ ჩემს ლექსებს დიდიხანია შრამად ეტყობა. 
ხან რომელ ნახატზე ამოვიკითხე შენი თვალები,
ხან რომელ ეპოსში ჩამაძინა შენმა სახებამ.

ახლა ინანად გადაიქეც ჩემს გონებაში, 
სიყვარული რომ არ ეღირსა მარადიულად. 
რომ ვუფიქრდები, გროტესკია ჩვეულებრივი-
უსიხარულოდ რომ შერაცხეს ამ გრძნობის ღმერთად. 

მასაც, შენ მსგავსად, არ დასცადდა არც ერთხელ ტრფობა, 
თუმცა, სიყვარულს ბევრჯერ უცვალა მანაც სახელი. 
შენც გყავდა შენი დემუზიც და ალბათ, ენქიმდუც...
თუმცა, მის მსგავსად,  შენ არ შეგრჩა სახელად - ღმერთი. 

ამიტომ ვიწვი ეგოიზმით და გეძებ ყველგან,
რომ გავამართლო შენი ყოფა ჩემში ღმერთობით. 
ან შენ გაქციო ჩემს ლექსებში უკვდავ ქალღმერთად 
და უკან მოგდევდეს პროცესია მკვდარ პოეტების...


2019.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი