Innamorato!


ყოველ არსებულს თუ ერთხმად არქვეს სამყარო ჩვენი,
ჩემში არსებულს - მხოლოდ ერთის სამყარო ერქმის.
ჩემს სამყოფელში მეც კი არა ვარ იმდენად ხშირი,
რამდენად სუნთქვა, წამში სამოცჯერ რომ ღაღადებს შენს სახელს ჩემში. 

თუმცა, გახსოვდეს, მე არ გთავაზობ შექსპირის სონეტს, 
არცა ხაიამს დავესესხე რობაიები. 
რუსთველს, უსიტყვოდ, ვერ ვიყენებ გრძნობის სარქმელად, 
ბარათაშვილს და დე ვეგასაც არ ვეჯიბრები. 

ისიდას ცოდვას არ ატარებს ჩემი ტაძარი,
არცა გრძნობის ზღვამ გადამივსო ტბად ისიკ-ყული. 
გალაკტიონის “არნასუფევი” მზეც არ დამნათის, 
შანდორ პეტეფით არ ვამეტყველე მე სიყვარული. 

უფრო დიდები უფრო დიდ სიტყვას ამბობდნენ მარად, 
მძივად ამკობდნენ შეწყვილებულ სიტყვებსაც ლექსად. 
მე მათ ჩამოვრჩი, სიტყვის თქმაში, მძივის წყობაში, 
მაგრამ გრძნობაში - მეტყველი ვარ უმეტყველოდაც!


2018.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი