აურზაურის აღსარება.


განუვითარებელ ემბრიონად ჩამესახა სხვათა განცდები
და თანაგრძნობა გატეხილ ბუმერანგად აღვიქვი.
ჩემი ნუგეში კარმის პრინციპით რომ დავარიგე, 
უპასუხობამ მომიღრუბლა თვალთა ამინდი.
 
სხვისი ვარამი ჩემს ხვაშიადთან გავაიგივე, 
სხვათა დარდებმა ამიწიოკა ბნელი გონება...
ჩემი ადგილი საკუთარ სულშიც ვერ შემოვსაზღვრე, 
გულმა მიბრძანა სხვა სხეულის დამეწყო ძებნა..

და ამ ძებნაში შენ მიპოვე, ან იქნებ, მეც კი...
შემოგისახლდი, დაგილაგე ჩემი განცდები...
შემისისხლხორცე, შეგიყვარდი, მიმისაკუთრე..
არ დავუბრუნდი გამომრიყველს და შენს სულში დავდნი...

კაეშანს ჯანღი გაუფანტა დიდმა გრძნობებმა, 
საკუთარ გულმა დაიბრუნა თვისი განცდები... 
და შენს თვალებში დაკარგულმა კი, 
მე დავიბრუნე - ჩემი ყოფა, ჭეშმარიტების...

მე დავიბრუნე ჩემი გული, სხვებს რომ დარდობდა, 
მეტასტაზებად რომ უძვრებოდა გონებას "მრევლი" ...
გულმა ისახლა მხოლოდ ერთი, მუდმივი მკვიდრი
და ჩემმა გონმაც ვერ დაგტოვა შეუმჩნეველი...


2018.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი